პროკურატურის განცხადებით, 4 იამვარს, მარნეულში, ბაზრის ტერიტორიაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის საქმეზე ერთ პირს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა.
ბრალდებულს ბრალდება შეკვეთილი მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით წარედგინა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 4 იანვარს, მარნეულში საკოლმეურნეო ბაზრის ტერიტორიაზე, ბრალდებულმა, შეკვეთით, განსაკუთრებული სისასტიკით ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაზარალებულ მამა-შვილს დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებებით ერთი დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო მეორეს გადარჩენა დროული სამედიცინო დახმარების შედეგად მოხერხდა”.- წერს უწყება.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის „ლ“, „მ“, „ნ“ ქვეპუნქტებით (ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი შეკვეთით და განსაკუთრებული სისასტიკით) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ცნობითვე, ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ.





