6 იანვარს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზში ჩავიდა, სადაც ევროპელი ლიდერებისა და აშშ-ს წარმომადგენლების თანდასწრებით "მსურველთა კოალიციის" სამიტი იმართება. ელისეის სასახლეში ასევე უკვე მივიდნენ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, ტრამპის სიძე.
მოკავშირეების სამიტს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი უმასპინძლებს და შეხვედრას 27 ქვეყნის ლიდერებთან ერთად NATO-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტეც დაესწრება.
გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთის დროით 12:15 საათზე მაკრონი და ზელენსკი ორმხრივ შეხვედრას გამართავენ, რის შემდეგაც ისინი მოლაპარაკებებს უიტკოფთან და კუშნერთან გააგრძელებენ. ამის შემდეგ, ადგილობრივი დროით 15:00 საათზე მსურველთა კოალიციის შეხვედრა დახურულ რეჟიმში დაიწყება.
გამოცემა Politico-ს მიხედვით, ფრანგმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ საფრანგეთსა და გაერთიანებულ სამეფოს ხუთ პუნქტზე სურთ შეთანხმების მიღწევა: როგორ მოხდება რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მონიტორინგი; უკრაინის არმიის მხარდაჭერა; ომის დამთავრების შემდეგ უკრაინაში მრავალეროვნული დამზღვევი ძალა; ვალდებულებები კიევის მხარდასაჭერად, თუკი მოსკოვი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას დაარღვევს; და უკრაინასთან გრძელვადიანი შეთანხმებები თავდაცვაში თანამშრომლობაზე.





