შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1995 წელს დაბადებული გ.ტ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, მეზობლად მცხოვრებ მამაკაცს-1988 წელს დაბადებულ ა.თ.-ს დანის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს." - წერია შსს-ს განცხადებაში.
განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





