უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 2 იანვარს თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მიხაილო ფედოროვის დანიშვნის წინადადებით გამოვიდა. ფედოროვი ამჟამად უკრაინის პრემიერმინისტრის მოადგილისა და ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრის თანამდებობებს იკავებს.
ცნობისთვის, ზელენსკიმ აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის გადაწყობის ფარგლებში გამოაცხადა, მას შემდეგ, რაც ქვეყნის სამხედრო დაზვერვის უფროსი, კირილო ბუდანოვი, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელად დანიშნა, ხოლო მის ნაცვლად დაზვერვის უფროსის თანამდებობა საგარეო დაზვერვის უფროსს, ოლეგ ივაშჩენკოს მიანიჭა.
-
ზელენსკის ოფისის ახალი უფროსი უკრაინის სამხედრო დაზვერვის მეთაური, კირილო ბუდანოვი იქნება
-
ზელენსკიმ უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსად ოლეგ ივაშჩენკო დანიშნა
"მიხაილო ღრმად ჩართულია 'დრონების ხაზის' [პროექტში], და ის ეფექტურად მუშაობს საჯარო სერვისებისა და პროცესების გაციფრულებაზე," აღნიშნა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, უკრაინის კონსტიტუციით, პრეზიდენტის მიერ თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატი უკრაინის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, რა შემთხვევაშიც ფედოროვი დენის შმიგალს ჩაანაცვლებს, რომელიც თანამდებობას დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში იკავებდა. ზელენსკის მიხედვით, შმიგალი "არანაკლებ მნიშვნელოვან" როლს დაიკავებს.
ამას გარდა, ზელენსკიმ პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილედ პავლო პალისა დანიშნა, რომელიც მანამდე საბრძოლო დანაყოფებს მეთაურობდა.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ ჩაანაცვლებს ივაშჩენკოს საგარეო დაზვერვის უფროსის თანამდებობაზე, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება მალე გამოცხადდება. ასევე ამ დროისთვის უცნობია, თუ ვინ გახდება ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი.
უკრაინელი ჟურნალისტის, კატერინა ლისუნოვას ცნობით, მალე მოხდება სახელმწიფო სასაზღვრო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის დანიშვნაც, მას შემდეგ, რაც ზელენსკის შინაგან საქმეთა მინისტრის კანდიდატურას წარუდგენს.





