წყალქვეშა კაბელის დაზიანება

ფინეთმა დააკავა გემი, რომელმაც, სავარაუდოდ, ბალტიის ზღვაში წყალქვეშა კაბელები დააზიანა

31 დეკემბერს, ფინეთის ხელისუფლებამ დააკავა გემი, რომელმაც, სავარაუდოდ, ბალტიის ზღვაში ჰელსინკისა და ტალინის შორის მდებარე მონაცემთა კაბელი დააზიანა. დაკავებულია ეკიპაჟის 14 წევრიც, მათ შორის, სულ მცირე, ერთი საქართველოს მოქალაქეც. ჯერჯერობით უცნობია თუ ზუსტად რამდენი საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა გემზე.

ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი YLE აღნიშნავს, რომ როდესაც გემი შენიშნეს, მისი ღუზის ჯაჭვი წყალში იყო ჩაშვებული.

132-მეტრიანი სატვირთო გემი კარიბის ზღვის რეგიონში, სენტ-ვინსენტსა და გრენადინებშია რეგისტრირებული. გემების მარშრუტების მონაცემების ვებგვერდის მიხედვით, გემი რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგიდან ისრაელში, ჰაიფისკენ მიემართებოდა.

გემი ფინეთის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში სასაზღვრო დაცვის საპატრულო გემისა და ვერტმფრენის გამოყენებით დააკავეს. ხოლო, კაბელის დაზიანება ესტონეთის ეკონომიკურ ზონაში მდებარეობს.

ფინეთის პოლიციამ ინციდენტს გამოძიება უკვე დაიწყო.

ადგილობრივი ოფიციალური პირების ინფორმაციით, ეკიპაჟის წევრები საქართველოს, რუსეთის, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის მოქალაქეები არიან.

YLE-სთან საუბრისას ფინეთის პოლიციის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ არ სურდა სპეკულირება იმაზე, იყო თუ არა რუსეთი რაიმე ფორმით ჩართული კაბელის დაზიანებაში. მისი თქმით, უმჯობესი იქნება, თუ გამომძიებლებს მიეცემათ საშუალება გაარკვიონ, რა მოხდა.

"ამის შემდეგ შეგვეძლება დასკვნების გამოტანა" - თქვა მან.

კომენტარები