4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ ევა შაშიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 5 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალეს.
გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი გელაშვილმა მიიღო.
"პროკურატურის პოზიცია იყო, რომ ჩვენი დოკუმენტები იყო არასაკმარისი, თუ ევა არ აღიარებდა ბრალს და არ გახდიდა მტკიცებულებებს უდაოდ. [...] ჩვენ მტკიცებულებას უდაოდ გავხდიდით, რა თქმა უნდა, ყველა ხედავს ამას, რაც შეეხება ბრალს, როდესაც შენი მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე და შენი ქალიშვილის შესახებ 4 თვე ინფორმაცია არ იცი და ხარ გაუსაძლის პირობებში, რა თქმა უნდა, ევა აღიარებს ბრალს, მაგრამ ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ევას სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდება და გადატრიალება რომ არ უნდოდა, ხომ იცით თქვენც ყველამ." - განაცხადა სასამართლო სხდომის შემდეგ შაშიაშვილის ადვოკატმა, მარიამ ხაჭაპურიძემ.
მისივე თქმით, პროკურატურასთან ბოლოს კომუნიკაცია 30 დეკემბერს ჰქონდა. პროკურატურამ სასამართლოს ევა შაშიაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით დღეს, 31 დეკემბერს მიმართა.
26 დეკემბერს, ქალმა პოლიტიკოსებმა პროკურატურასთან აქცია გამართეს და ევა შაშიაშვილისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის მოთხოვნით უწყებაში განცხადება შეიტანეს. ისინი აცხადებდნენ, რომ შაშიაშვილს შეზღუდული შესაძლებლობების შვილი ჰყავს, რომელსაც "დედის გარდა მზრუნველი არ გააჩნია."
ევა შაშიაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) აქვს წარდგენილი, რაც ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





