იდენტური ტყუპები

კანადელი 5 ტყუპისცალი დიდან ბოლო 91 წლის ასაკში გარდაიცვალა

Getty Images

24 დეკემბერს 91 წლის ასაკში გარდაიცვალა ანეტ დიონი, კანადელი ხუთი იდენტური ტყუპისცალიდან უკანასკნელი. ინფორმაციას დიონ კვინტსის სახლ-მუზეუმი ავრცელებს.

ხუთი იდენტური ტყუპი: ანეტი, ივონი, სესილი, ემილი და მარი 1934 წელს, კანადაში, ონტარიოს პროვინციაში დაიბადნენ. ისინი პირველი ცნობილი "ხუთტყუპები" იყვნენ, რომლებმაც ჩვილობის ასაკს გადააბიჯეს.

ბავშვობაში დები გლობალურ სენსაციად იქცნენ: მონაწილეობდნენ მხატვრულ ფილმებში, ჩნდებოდნენ ჟურნალების გარეკანებზე და სხვადასხვა პროდუქტის რეკლამებში.

გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში სახლ-მუზეუმი აღნიშნავს, რომ ანეტ დიონი აქტიურად ემსახურებოდა ბავშვთა უფლებების დაცვას. მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო კვინტსის მუზეუმისა და მათი ისტორიის შენარჩუნება, "თითოეული ბავშვის მომავლისთვის".

ხუთი ტყუპისცალი ონტარიოს მთავრობამ მშობლებს ჩვილობის ასაკში ჩამოართვა. სახელმწიფო მათ "კვინტლენდის" სახელით ცნობილ ტერიტორიაზე ათავსებდა, რომელიც დროთა განმავლობაში ტურისტებისთვის პოპულარულ ღირსშესანიშნაობად იქცა.

ბავშვები მუდმივი კვლევების და დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდნენ, ხოლო მშობლებთან და ოჯახის სხვა წევრებთან მხოლოდ შეზღუდული კონტაქტი ჰქონდათ.

მოგვიანებით დების მშობლებმა მათზე მეურვეობა დაიბრუნეს.

ზრდასრულ ასაკში ანეტმა, სესილიმ და ივონმა ონტარიოს მთავრობას ბავშვობაში მათთვის შექმნილ მძიმე პირობებთან დაკავშირებით უჩივლეს. 1998 წელს დებმა თითქმის 3 მილიონი კანადური დოლარის კომპენსაცია მიიღეს (დაახლოებით 1.6 მილიონი ფუნტი სტერლინგი ან 2.2 მილიონი აშშ დოლარი).

კვინტსის მუზეუმის ცნობით, ანეტ დიონი დიონების ოჯახის 14 შვილიდან უკანასკნელი იყო. ანეტი და სესილი მიმდინარე წელს გარდაიცვალნენ, ემილი - 1954 წელს, მარი - 1970 წელს, ხოლო ივონი - 2001 წელს.

კომენტარები