უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებულ ხუთ სხვადასხვა დოკუმენტზე მუშაობს. რამდენიმე მათგანი აშშ-უკრაინის ორმხრივი შეთანხმებაა, ხოლო დანარჩენი მოიცავენ ევროპულ სახელმწიფოებსაც.
ზელენსკის მიხედვით, აშშ-სა და უკრაინას შორის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმება თითქმის მზად არის.
"ვხედავ, რომ ჩვენს და აშშ-ს შორის შეთანხმება თითქმის მზად არის. კითხვა იმის თაობაზე, მოვაწეროთ თუ არა ხელი მას, უკვე მეორეხარისხოვანია, რაც დამოკიდებულია ჩვენი შეხვედრების ფორმატზე. ეს დოკუმენტი უკვე მაგიდაზე დევს" – ამბობს ზელენსკი.
24 დეკემბერს, ზელენსკიმ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის პროექტი საჯაროდ წარადგინა, რომელსაც მან უკრაინას, აშშ-ს, ევროპასა და რუსეთს შორის "ჩარჩო" ან "საბაზისო დოკუმენტი" უწოდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პროექტი ბევრ პოზიციაში უკრაინისა და შეერთებული შტატების საერთო ხედვას ასახავს, ხოლო რიგი პუნქტები კვლავ საჭიროებს დახვეწასა და შეთანხმებას.





