შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.
შსს წერს, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დაკავებულია - ისრაელის მოქალაქე, 2003 წელს დაბადებული ჰ.ა.
"სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის ბრალდებულის სამგზავრო ბარგის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს 3 080 აბი ფსიქოტროპული ნივთიერება "პრეგაბალინი". - ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





