4 ოქტომბრის საქმე

4 ოქტომბრის საქმეზე ბაჩო ახალაია დააკავეს

ივანიშვილის სუს-ის ინფორმაციით, 4 ოქტომბრის საქმეზე ექსმინისტრი ბაჩო ახალაია დააკავეს. ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ახალაიას ჰქონდა სატელეფონო ინტერნეტკომუნიკაცია 4 ოქტომბრის საქმეზე ახლა უკვე "ბრალდებულ ორგანიზატორებთან" და გასცემდა დირექტივებს.

სუს-ში ასევე აღნიშნეს, რომ ბაჩო ახალაიასთან ერთად დააკავეს მისი მეუღლეც, თუმცა, ანა ნადარეიშვილის გათავისუფლება გადაწყვიტეს.

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ეხება 4 ოქტომბრის ცნობილი დანაშაულებრივი მოვლენების პარალელურად დიდი ოდენობით იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების შეძენა-შენახვის ფაქტს, რომელშიც იმხილება ბრალდებული ბექა ჭულუხაძე, ხოლო გამოძიება მუშაობს როგორც ამ ფაქტის კავშირზე სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის საქმესთან, ასევე დანაშაულში ბაჩანა ახალაიას, ლაშა ჩერგელაშვილის და სხვა პირთა შესაძლო თანამონაწილეობაზე.

საქმეზე ჩატარებულია მრავალი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის, ჩვენ შევძელით უტყუარობის მაღალი სტანდარტით, წუთებისა და წამების სიზუსტით ინტერნეტტრაფიკის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით დაგვედგინა ორ პირს შორის მობილური ტელეფონების ინტერნეტაპლიკაციების მეშვეობით შემდგარი სატელეფონო ინტერნეტკავშირი. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ამოღებული ინფორმაციის სპეციალისტების მიერ დამუშავების შედეგად, დადგინდა, რომ 4 ოქტომბრის დანაშაულებრივი მოვლენების დროს აღნიშნულ მოვლენებს ინტერნეტაპლიკაციების მეშვეობით ხელმძღვანელობდა და საქართველოში მისი მთავარი ორგანიზატორი იყო ბაჩანა ახალაია.

საზოგადოებისთვის უფრო გასაგები რომ იყოს, დეტალურად შეგვიძლია განვმარტოთ, რომ 4 ოქტომბრის დანაშაულებრივი მოვლენების აწ უკვე ბრალდებულ ორგანიზატორებთან მათი ინტერნეტაპლიკაციებისა და ანა ნადარეიშვილის IP, ამ შემთხვევაში, ეგრეთწოდებული Wi-Fi-ის მისამართებს შორის, რომელიც მის ამჟამინდელ საცხოვრებელ მისამართზეა რეგისტრირებული, 2025 წლის 28 სექტემბრის 21 საათიდან მათ დაკავებამდე შედგა არაერთი სატელეფონო ინტერნეტკომუნიკაცია ინტერნეტაპლიკაციების მეშვეობით.

კერძოდ, ჯამში ფიქსირდება 343 შემდგარი ინტერნეტსესია, მათ შორის მურთაზ ზოდელავასთან 157-ჯერ, პაატა ბურჭულაძესთან 110-ჯერ, პაატა მანჯგალაძესთან 29-ჯერ, ლაშა ბერიძესთან 26-ჯერ, ირაკლი ნადირაძესთან 21-ჯერ. ამასთან, ხსენებული პირების მიერ საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილი მასშტაბის დანაშაულის ორგანიზების პარალელურად, მურთაზ ზოდელავას და ბაჩანა ახალაიას მეუღლის, ანა ნადარეიშვილის სახელზე რეგისტრირებულ IP მისამართს შორის ინტერნეტკონტაქტი უშუალოდ 4 ოქტომბერს, დღის განმავლობაში შედგა რამდენიმეჯერ, კერძოდ: 10:20; 11:35; 11:47; 16:02.

მოცემულ შემთხვევაში საყურადღებოა, რომ ინტერნეტკონტაქტიდან 4 წუთში მომიტინგეებმა დაიწყეს მსვლელობა თავისუფლების მოედნის მიმართულებით. შემდეგ ინტერნეტსესიები ფიქსირდება 17:51; 18:06 და ძალიან საყურადღებოა და შესაბამისი დასკვნის გამოტანის მყარ საფუძველს იძლევა, 4 ოქტომბერს ბოლო კავშირი მურთაზ ზოდელავას ანა ნადარეიშვილის სახელზე რეგისტრირებულ IP მისამართზე განხორციელებული აქვს მისი და პაატა ბურჭულაძის ძალადობრივი მოწოდებებით გამოსვლამდე 9 წუთით ადრე, 18 საათზე, 44 წუთსა და 11 წამზე.

იმავე დღეს ფიქსირდება პაატა ბურჭულაძის ორი სატელეფონო ინტერნეტკონტაქტი ანა ნადარეიშვილზე რეგისტრირებულ IP მისამართზე. პირველი 09:21; მეორე 17:14. რაც შეეხება ლაშა ბერიძეს, მას ბაჩანა ახალაიასთან 4 ოქტომბერს დღისით სატელეფონო ინტერნეტკავშირი ჰქონდა 10:39; 19:20; 19:21; 19:29; 19:32; 19:34; 19:41. ამ შემთხვევაში აღსანიშნავია, რომ მოცემული ინტერნეტკონტაქტები ემთხვევა პრეზიდენტის სასახლის შენობაზე ძალადობრივი იერიშის დაწყების შემდგომ პერიოდსა და განსაკუთრებით საყურადღებოა იმითაც, რომ ლაშა ბერიძე ამ დროს იმყოფებოდა პრეზიდენტის სასახლესთან და, შესაბამისად, დირექტივებს ბაჩანა ახალაიასგან იღებდა.

ძალიან მნიშვნელოვანი ერთი გარემოებაც, მას შემდეგ, რაც სხვადასხვა წყაროდან დაიწყო ჩანაწერის გავრცელება, რომელიც, სავარაუდოდ, ასახავდა ბაჩანა ახალაიასა და პაატა ბურჭულაძეს შორის შემდგარ საუბარს, ხელისუფლების დამხობის თაობაზე, შეიცვალა მურთაზ ზოდელვასთან კომუნიკაციის ფორმა, რის შემდეგაც აქტიური ინტერნეტკავშირი ფიქსირდება მასსა და მოქალაქე ზვიად გაგუას მობილური ტელეფონის ინტერნეტაპლიკაციებს შორის. 4 ოქტომბრის პირველი ასეთი კავშირი ინტერნეტაპლიკაციით 20:12, ხოლო შემდეგი კავშირი 21:09; 21:15; 21:23; 22:08 წუთზე შედგა. გაგუა, ისევე როგორც ბაჩანა ახალაია და ანა ნადარეიშვილი, დაკითხულები არიან გამოძიების მიერ და სამივე მათგანი ადასტურებს, რომ ზვიად გაგუა არის ახალაიების ოჯახის ახლობელი და ცხოვრობს მათთან სახლში. ამ შემთხვევაში დასაბუთებულია ვარაუდი, რომ სატელეფონო ინტერნეტკავშირი არა მურთაზ ზოდელავასა და ზვიად გაგუას შორის, არამედ ის რეალურად მურთაზ ზოდელავას და ბაჩანა ახალაიას შორის შედგა.

ამ ინტერნეტკვაშირებიდან ყურადსაღებია ზოდელავასა და გაგუას მობილური აპლიკაციების კავშირი 20 საათზე, 12 წუთსა და 23 წამზე, საიდანაც 3 წუთში მურთაზ ზოდელავა კვლავ დაუბრუნდა სცენას, წარადგინა ახალი გეგმა და მომიტინგეებს მოუწოდა, დაძრულიყვნენ ქართული ოცნების ცენტრალური ოფისისკენ.

როგორც ხედავთ, მოპოვებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, უტყუარად დასტურდება 4 ოქტომბრის დანაშაულებრივი მოვლენების მთავარი ორგანიზატორის ვინაობა საქართველოში. შესაბამისად, ჩვენ მიერ დაკავებულია ბაჩანა ახალაია. 

სისხლის სამართლის საქმე სხვა სისხლის სამართლის საქმესთან გასაერთიანებლად, ქვემდებარეობით ბრალის წარსადგენად და შემდგომი გამოძიების ჩატარების მიზნით გადაეცემა შსს-ს.

რაც შეეხება ბაჩანა ახალაიასთან ერთად დაკავებულ ანა ნადარეიშვილს, მიღებულია გადაწყვეტილება მისი დაკავებიდან გათავისუფლების შესახებ. გამოძიება მომავალში არსებული თუ სხვა ახალი მტკიცებულებების საფუძველზე იმსჯელებს, იღებდა თუ არა რაიმე ფორმით ისიც მონაწილეობას, მის მეუღლესთან ერთად ჩადენილ დანაშაულში.

ანა ნადარეიშვილის მიმართ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია იმის მიუხედავად, რომ ბაჩანა ახალაიამ საერთოდ უარი განაცხადა ყველანაირი ჩვენების მიცემაზე, მათ შორის, მას ჰქონდა შესაძლებლობა, ეპასუხა კითხვაზე - მხოლოდ ის კონტაქტობდა დანაშაულის სხვა ორგანიზატორებთან თუ ამაში ჩართული იყო მისი მეუღლე ანა ნადარეიშვილიც, რითაც თავადაც არ გამორიცხა დანაშაულის ჩადენაში მისი მეუღლის მონაწილეობა." - განაცხადეს ივანიშვილის სუს-ის ბრიფინგზე.

კომენტარები