24 დეკემბრის ღამეს უკრაინამ რუსეთის ტულის ოლქის ქალაქ ეფრემოვში სინთეტიკური პოლიმერების ქარხანაზე იერიში მიიტანა, რის შედეგადაც ადგილზე ხანძარი გაჩნდა.
ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციით, რომლებიც ინფორმაციას სოციალურ ქსელებში ავრცელებენ, აფეთქებები დაახლოებით 03:20 საათზე დაიწყო. ადგილობრივებმა სულ მცირე 10 ძლიერი აფეთქება დააფიქსირეს.
სოციალურ ქსელში ასევე ხანძრის ამსახველი კადრები გავრცელდა.
NASA-ს ხანძრების მონიტორინგის სისტემა FIRMS ასევე ადასტურებს თერმული კერების არსებობას ეფრემოვის სინთეზური კაუჩუკის ქარხნის ტერიტორიის რაიონში.
ტულის ოლქის გუბერნატორმა დაადასტურა შეტევა და შემდგომი ხანძარი "ერთ-ერთ საწარმოზე", თუმცა დაზიანებების მასშტაბები არ დაუკონკრეტებია.
გამოცემა Українська правда აღნიშნავს, რომ ეფრემოვის ქარხანა რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სინთეზური კაუჩუკის მწარმოებელია და რომ ეს საწარმო კრიტიკულად მნიშვნელოვანია რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის, რადგან აწარმოებს ორმაგი დანიშნულების პროდუქტს.
გამოცემის ცნობით, საწარმოზე წარმოებული სინთეზური კაუჩუკები და პოლიმერები აუცილებელია სამხედრო ტექნიკისთვის განკუთვნილი ნაწარმის დასამზადებლად. უპირველეს ყოვლისა საუბარია სამხედრო სატვირთო მანქანების, ბორბლიანი ჯავშანტექნიკის და საავიაციო ტექნიკის საბურავების წარმოებაზე.





