უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ფლორიდაში უკრაინული დელეგაცია მოლაპარაკებებზე მუშაობს და მათგან დისკუსიის დეტალების შესახებ ანგარიშს ელოდება.
ამის შესახებ ზელენსკიმ საღამოს მიმართვაში ილაპარაკა.
"ფლორიდაში უკრაინის მოლაპარაკებების გუნდი მუშაობს. დღეს ამერიკულ დელეგაციასთან, პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლებთან კიდევ იქნება შეხვედრები. ომის დასრულების შესახებ დოკუმენტებზე, უსაფრთხოების გარანტიებზე და აღდგენაზე მუშაობა მიმდინარეობს - ყოველ პუნქტს დეტალურად განიხილავენ და ამერიკულ მხარესთან კონსტრუქციული ჩართულობაა. ეს მნიშვნელოვანია. ისინი ასევე ვადებს განიხილავენ - კონკრეტული გადაწყვეტილების შესაძლო დროით ჩარჩოებს. რუსტემ უმეროვისგან და ანდრიი ჰნატოვისგან დისკუსიის დეტალებზე ანგარიშს ველოდები". - თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა მნიშვნელოვან დიპლომატიურ კვირას ასრულებს და ხაზი გაუსვა, რომ ევროპის მხრიდან 90 მილიარდი ევროს ღირებულების დაფინანსება უზრუნველყვეს, რაც დეკემბრის "საკვანძო შედეგია".
"უკრაინისთვის ისტორიულ კვირას ვასრულებთ - მნიშვნელოვან დიპლომატიურ კვირას. მთავარი შედეგი ისაა, რომ უკრაინისთვის ორი წლის განმავლობაში €90 მილიარდი უზრუნველვყავით. ეს დეკემბრის საკვანძო შედეგია და მრავალი თვალსაზრისით მთლიანი წლის მნიშვნელოვანი შედეგია. ევროპამ პოზიტიური გადაწყვეტილება მიიღო. ამ გადაწყვეტილებისთვის დიდი ხნის განმავლობაში ვიბრძოდით და მსურს, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც დაგვეხმარა". - თქვა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, გასული სამი დღის განმავლობაში ფლორიდაში რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით ამერიკული და უკრაინული დელეგაციების მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.





