სპეციალური პენიტენციური სამსახური გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურა ჯაფარიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მსჯავრდებულის წინასწარ ინფორმირებას გათავისუფლების კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებით. სამსახურისთვის გაურკვეველია, რას ეფუძნებოდა ჯაფარიძის მოლოდინი იმის თაობაზე, რომ ის ციხეს 10:30 საათზე დატოვებდა.
ზურა ჯაფარიძემ გათავისუფლების შემდეგ თქვა, რომ რამდენიმე დღის წინ იკითხა, ციხიდან გამოშვების ზუსტი თარიღი.
"მითხრეს, რომ მზად უნდა ვყოფილიყავი დაახლოებით 11-ის ნახევრისთვის, ისე მოხდა, რომ დილის რვა საათზე გამომდგეს გარეთ, არაფერი არ აუხსნიათ, უბრალოდ, მითხრეს, რომ უნდა ჩამელაგებინა და გავსულიყავი."
პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველას თავი შეიკავონ ისეთი განცხადების გავრცელებისგან, რაც არ შეესაბამება რეალობას და მიზნად ისახავს სამსახურის საქმიანობის დისკრედიტაციას.
"კანონმდებლობის შესაბამისად, მსჯავრდებული თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან თავისუფლდება სასჯელის მოხდის დასრულების დღის წინა დღეს.
გათავისუფლებულ მსჯავრდებულს უბრუნდება პირადი ნივთები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებაში ინახებოდა. მსჯავრდებულმა ზურაბ ჯაფარიძემაც დაწესებულების დატოვებისას თან წაიღო საკუთარი ტანსაცმელი.
ზურაბ ჯაფარიძის განცხადება, თითქოს მას რამდენიმე დღის წინ მიაწოდეს ინფორმაცია გათავისუფლების კონკრეტული დროის შესახებ, არის სიცრუე.
პენიტენციურ დაწესებულებაში, დაწესებულების დღის განრიგის შესაბამისად, მუშაობა იწყება 08:00 საათზე. მსჯავრდებული ზურაბ ჯაფარიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებული ფორმალური საკითხების მოგვარებას დასჭირდა მცირე დრო და ის გათავისუფლდა პენიტენციური კოდექსისა და დაწესებულების მოთხოვნების სრული დაცვით დაახლოებით 08:30 საათზე."- წერია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.





