ბრიუსელში 16-საათიანი სამიტის შემდეგ ევროკავშირის ქვეყნები გაყინული რუსული აქტივებიდან თანხის უკრაინისთვის გაგზავნაზე ვერ შეთანხმდნენ, რის გამოც ბლოკის წევრები იძულებულები გახდნენ, საგანგებოდ შემუშავებული სათადარიგო გეგმა მიეღოთ, რომელიც ევროკავშირის მხრიდან ერთობლივი ვალის მეშვეობით უკრაინის ფინანსურ დახმარებას გულისხმობს. თუმცა, აღნიშნულ გეგმაში უნგრეთი, სლოვაკეთი და ჩეხეთი მონაწილეობას არ მიიღებენ.
"უკრაინისთვის ფინანსური პაკეტი მზადაა: უკრაინა €90-მილიარდიან უპროცენტო სესხს მიიღებს, რაც ჩემი წინადადება იყო. ეს პუტინს ევროპიდან მკაფიო სიგნალს უგზავნის: ეს ომი ამად არ ეღირება. ჩვენ რუსულ აქტივებს გაყინულს დავტოვებთ მანამ, სანამ რუსეთი უკრაინას კომპენსაციას არ გადაუხდის." - დაწერა გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა X-ზე სამიტის შემდეგ.
მანამდე, 12 დეკემბერს, ევროკავშირმა წევრ ქვეყნებში შენახული 210 მილიარდი ევროს ღირებულების რუსეთის სუვერენული აქტივები სამუდამოდ გაყინა.
"საბოლოო ჯამში, დღევანდელი დღის შემდეგ უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერა გარანტირებულია," განაცხადა დანიის პრემიერმინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა სამიტის შემდეგ.
შეთანხმების ფარგლებში ევროკავშირის ქვეყნები უკრაინას მნიშვნელოვან ეკონომიკურ დახმარებას გაუწევენ, თუმცა, Politico-ს ინფორმაციით, ბოლო კვირები გერმანია და ევროკომისია უკრაინისთვის €210 მილიარდამდე გაყინული რუსული აქტივების გამოყენების გეგმაზე სხვა ქვეყნების დათანხმებას ცდილობდნენ.
ამის სანაცვლოდ მომდევნო ორი წლის განმავლობაში ევროკავშირის ქვეყნები უკრაინას ერთობლივად €90 მილიარდის ოდენობის უპროცენტო სესხს მისცემენ, რაც ევროკავშირის ბიუჯეტით იქნება დაზღვეული.
ამავდროულად, გერმანიის მიმართ დათმობის სახით, ევროპელმა ლიდერებმა მზადყოფნა გამოხატეს უკრაინაზე გაცემული სესხის დასაფარად გაყინული რუსული აქტივების გამოყენების იდეის მიმართ, თუმცა, ამ მხრივ მოლაპარაკებები სამომავლოდ გაიმართება.





