სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, აზერბაიჯანიდან სომხეთის მიმართულებით ნავთობპროდუქტების პირველი პარტიის გაგზავნის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს რკინიგზის ტარიფების გარშემო რიგი გადაუჭრელი საკითხები არსებობს. ამის შესახებ მან 18 დეკემბერს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ფაშინიანი იმედოვნებს, რომ საქართველოს რკინიგზის გარშემო არსებული ვითარება მოგვარდება და ამბობს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მეწარმეები განსხვავებულ მარშრუტს იპოვიან.
"ვიმედოვნებ, რომ ეს საკითხები მოგვარდება, ან თუ ისინი არ მოგვარდება, მეწარმეები იმპორტისა და ექსპორტის უზრუნველსაყოფად ალტერნატიულ გზებს იპოვიან" - თქვა სომხეთის პრემიერმინისტრმა.
ცნობისთვის, დღეს აზერბაიჯანიდან სომხეთში საქართველოს გავლით ნავთობპროდუქტების პირველი პარტია გაიგზავნა.
ცნობისთვის, 8 დეკემბერს ივანიშვილის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანიდან სომხეთში საწვავის ერთჯერადი ტრანზიტის გადაზიდვა ერთჯერადად სრულიად უსასყიდლოდ მოხდება.
აღნიშნული განცხადება აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს, რომლის მიხედვითაც, ბოლო თვეების განმავლობაში ბაქოსა და თბილისს შორის ურთიერთობებში აშკარა დაძაბულობა გამოიკვეთა.
მედიის მიხედვით, საქართველოს საზღვარზე აზერბაიჯანელი მძღოლების ხანგრძლივმა და განმეორებითმა შეფერხებამ ბაქოში გააჩინა განცდა, რომ თბილისი ვერ ან აღარ ცდილობს პრობლემის მოგვარებას.
ამასთანავე, აზერბაიჯანული მედია წერდა, რომ ყოველივე ამის ფონზე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პრობლემასთან დაკავშირებით მხოლოდ ფორმალური განცხადებები კეთდებოდა.





