კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის თქმით, უკრაინაში ევროპული ჯარების განლაგებასთან დაკავშირებით რუსეთის პოზიცია ცნობილია, თუმცა, ეს საკითხი განსახილველად ღიაა. ამის შესახებ პესკოვმა ჟურნალისტებს უთხრა.
კითხვაზე, მისაღებია თუ არა მოსკოვისთვის მსურველთა კოალიციის მიერ უკრაინაში ევროპული ჯარების განლაგების ვარიანტი, პესკოვმა აღნიშნა, რომ ეს განხილვის საგანია.
"ჩვენი პოზიცია უკრაინის ტერიტორიაზე უცხოური სამხედრო კონტინგენტის განლაგების შესახებ კარგად არის ცნობილი. ის ჩამოყალიბებულია პრეზიდენტის მიერ, აბსოლუტურად თანმიმდევრული და ნათელია, თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს განხილვის საგანია". - თქვა პესკოვმა.
ამასთან, პესკოვის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის მოსკოვში ვიზიტი ამ კვირაში მოსალოდნელი არ არის. კრემლის სპიკერის თქმით, მოსკოვი ელის, რომ აშშ რუსეთს უკრაინასთან მოლაპარაკებების შედეგების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს.





