შსს

ივანიშვილის პარლამენტმა იარაღის შესახებ კანონში ცვლილებები მიიღო

ივანიშვილის პარლამენტმა იარაღის შესახებ კანონში ცვლილებები III მოსმენით მიიღო.

აღნიშნული ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით დარეგისტრირდა და უწყების ცნობით, მნიშნველოვანია, საქართველოში აკუსტიკური იარაღის, ელექტროშოკური და გაზის აეროზოლური მოწყობილობების ბრუნვის რეგულირებისთვის.

უწყება ცვლილებების მიზნობრიობას "საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის კიდევ უფრო ეფექტიანად  დაცვისა და დანაშაულის პრევენციის მიზნით" ხსნის. 

შემუშავებული ცვლილებების თანახმად:

  • ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღი, რომელიც კონსტრუქციულად დამზადებულია მხოლოდ ხმოვანი (ფუჭი) ვაზნის სასროლად და გამოიყენება თეატრალურ წარმოდგენაში, კინოჩვენებაში, სატელევიზიო ჩვენებაში, ისტორიულ რეკონსტრუქციაში, აღლუმსა და სპორტულ ღონისძიებაში მისი საქართველოში შემოტანა დაექვემდებარება ნებართვას.
  • მოქალაქის მიერ ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის შეძენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს წინასწარი წერილობითი თანხმობის (ცნობა) წარდგენის საფუძველზე. ამასთან, ძალაში რჩება მოქმედი ნორმები, რომლითაც ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის გადატანა-გადაზიდვა ან გადაგზავნისთვის მხოლოდ პოლიციის მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე უშვებს;
  • გარდა ამისა, პოლიციას ენიჭება უფლებამოსილება დაადგინოს აკუსტიკური იარაღის შეძენაზე შეზღუდვები, როგორც რაოდენობის, ისე შეძენის პერიოდულობის კუთხით;
  • გაზის აეროზოლური მოწყობილობის (წიწაკის სპრეი) იმპორტი დაექვემდებარება ნებართვას;
  • გაზის აეროზოლური მოწყობილობის (წიწაკის სპრეი) შეძენა შესაძლებელი იქნება 18 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის, შსს-ს ტერიტორიული ორგანოს წერილობითი თანხმობის (ცნობა) წარდგენის საფუძველზე;

პირველი განხილვის შემდეგ, ივანიშვილის შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ პარლამენტის სხდომაზე თქვა, რომ მეორე განხილვის ფარლგებში, ელექტროშოკური მოწყობილებები კვლავ დარჩება სამოქალაქო ბრუნვაში, და 18 წელს მიღწეული პირებისთვის, ნებართვის აღების შემდეგ აღნიშნული იარაღის შეძენა და ტარება ნებადართული იქნება.

კომენტარები