უკრაინისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების კომისია დაფუძნდა - საქართველო შეუერთდა

მაკა ბოჭორიშვილი უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისიაზე

ჰააგაში, 35 სახელმწიფოს ხელმოწერით, უკრაინისთვის რუსეთის მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურების უწყებათაშორისი კომისია დაფუძნდა.

ცნობილია, რომ კომისია ევროპის საბჭოს ეგიდით შეიქმნა. ის ნიდერლანდებში იმუშავებს და რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დროს მიყენებული ზიანისთვის რეპარაციების მოთხოვნების შესაბამისობას შეაფასებს.

საერთაშორისო კომისიის დაფუძნებაში მონაწილე ქვეყანათა შორის საქართველოც იყო. დაარსების დოკუმენტს ხელი ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მოაწერა.

"ის ტრაგიკული რეალობა, რომელსაც დღეს ევროპის შუაგულში ვხედავთ  დიდ ძალისხმევას მოითხოვს რეგიონში მშვიდობის აღსადგენად. საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა არ უნდა დარჩეს უპასუხოდ," აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა ჰააგაში სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, უკრაინას უნდა ჰქონდეს შესაბამისი ინსტრუმენტები, რათა მიიღოს კომპენსაცია იმ ზიანისთვის, რომელიც ქვეყანასა და მის მოსახლეობას უსამართლო ომის შედეგად მიადგა.

"საქართველო, როგორც ზარალის რეესტრის დამფუძნებელი წევრი, მიესალმება საერთაშორისო კომპენსაციის მექანიზმის შექმნისკენ გადადგმულ ამ ნაბიჯს, რომლის განუყოფელი ნაწილიც საჩივრების საერთაშორისო კომისია გახდება,“ თქვა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები