2025 წელი მსოფლიო კინოგაქირავებისთვის ნაყოფიერი და არანაკლებ ხმაურიანი წელი გამოდგა გასული წელთან შედარებით - მიმდინარე წლის ბოქსოფისებმა მაყურებელს ვიზუალურად მიმზიდველი, სანახაობრივი, მძაფრსიუჟეტიანი ბლოკბასტერი და საავტორო ნიშით გაჟღენთილი არაერთი ფილმი შესთავაზა.
კინოეკრანებზე წელს ჩვენთვის არაერთი ნაცნობი, საყვარელი ფრენჩაიზი დაბრუნდა. ახალი ეკრანიზაციები ვიხილეთ როგორც დიდი, ასევე დამოუკიდებელი სტუდიების ხმაურიანი ფილმებიც.
ამ სტატიაში წარმოგიდგენთ 2025 წლის 10 საუკეთესო ფილმს.
10. Weapons
სამწლიანი პაუზის შემდეგ, ამერიკელი რეჟისორი, ზაკ გრეგერი ახალი ფილმით, სახელად Weapons-ით დაბრუნდა კინოეკრანებზე - ფილმი თავის მხრივ არაორდინალურ სანახაობას სთავაზობს მაყურებელს. გრეგერი უარს ამბობს სასფენსის კონვენციურ ფორმებზე - აუდიტორიაზე მანიპულირების მთავარ ინსტრუმენტად, ამ შემთხვევაში ხმა გვევლინება, რეჟისორს მას უყვარს ერთგვარი "გამაყრუებელი სიჩუმით" თამაში მაყურებელზე, რაც მის წინა ფილმში Barbarian (2022)-შიც კარგად ჩანს.
ფილმი პენსილვანიის ერთ-ერთ ქალაქის სკოლიდან გაუჩინარებული ბავშვების შესახებ მოგვითხრობს ამბავს - იუსტინის (ჯულია გარნერი) სადამრიგებლო კლასიდან შემოდგომის დასაწყისში ყველა ბავშვი ქრება, გარდა ერთისა, მშობლებისთვის მასწავლებელი განტევების ვაცად იქცევა, თუმცა იუსტინი ისეთივე მსხვერპლია, როგორც მისი კლასიდან გაუჩინარებული ბავშვები.
სასფენსი ერთგვარი მუდმივაა ამ ფილმში, რომელიც დრამატურგიის განვითარებასთან ერთად, მაყურებელს თითქმის არ აძლევს მოდუნების საშუალებას, ასევე შთაბეჭდილების ქვეშ აქცევს მისი მონტაჟური გადაწყვეტით, მიზანსცენურობითა და ჩაკეტილი სივრცობრივი გადაწყვეტით.
უნდა აღინიშნოს, ცალკეულად ჯულია გარნერისა და ჯოშ ბროლინის, როგორც ერთგვარი ცენტრალური პერსონაჟების სამსახიობო შესრულებაც.
ისე, უნდა ითქვას, რომ "სკოლა" და "გაუჩინარებული ბავშვებიც" კარგად შერჩეული მოტივებია ჟანრობრივი, ასევე ტენდენციური გარემოებების გათვალისწინებით, თუმცა ფაქტია, რომ გრეგერის პროდუქტი ერთ-ერთი წამყვანი ჰორორ ფილმი იყო წელს.
9. Frankenstein
თითქმის ერთწლიანი აჟიოტაჟისა და ინტერნეტ "ჰაიპის" შემდეგ, ზაფხულის ბოლო თვის ბოლო დღეებში მაყურებელმა მერი შელის მსოფლიო კლასიკის "ფრანკენშტეინის" გილერმო დელ ტოროს საავტორო კინოეკრანიზაცია იხილა.
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ დელ ტოროს ფრანკენშტეინის სულისჩამდგმელი სტუდია ნეტფლიქსი აღმოჩნდა (ვინ იფიქრებდა...)
გილერმო დელ ტოროს ფრანკენშტეინი არ არის მერი შელის რომანის სტანდარტული ეკრანიზაცია. ვიზუალური და გამომსახველობითი ფორმით რეჟისორი მისთვის სახასიათო და უპირობოდ გამორჩეულ გოთიკური ხაზის ესთეტიზირებულ ფორმას გვთავაზობს, რაც ძალიან კარგად თამაშდება ფილმის მელანქოლიურ დრამატურგიასა და ზღაპრისებურ ფაბულასთან, რასაც დელ ტორო ტექსტის ეკრანიზაციისთვის ქმნის - (აქ შენ გიყურებ, რობერტ ეგერსის ნოსფერატუ, watch and learn).
ჯეიკობ ელორდის მონსტრი, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ახლო და კარგი რეპრეზენტაციაა უშუალოდ რომანის პერსონაჟის (იმედია ბორის კარლოფს არ ეწყინება).
ფილმსა და ნოველას შორის სნობურად დეტალების ძიება უმჯობესია არ დავიწყოთ - მიუხედავად იმისა, რომ დელ ტოროს ფრანკენშტეინმა ქებასთან ერთად, ასევე ბევრი კრიტიკაც დაიმსახურა, საბოლოო ჯამში მაინც ერთ-ერთ ყველაზე დამამახსოვრებელ, სასიამოვნო გამოცდილებას სთავაზობს მაყურებელს, რომელსაც უყვარს რეჟისორი და ასევე მერი შელის ნოველაც.
8. Wake Up Dead Man: A Knives Out Mystery
3 წლის შემდეგ, Knives Out-ი და ბენუა ბლანკი ფრენჩაიზის მესამე ნაწილით დაგვიბრუნდა ეკრანებზე, არანაკლებ თვალისმომჭრელ სამსახიობო შემადგენლობასთან ერთად.
ბენუა ბლანკი უპირობოდ გამორჩეული პერსონაჟია, სითავხედე თუ გვეყოფა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თვით აგათა კრისტის ერკიულ პუაროზე უკეთესიც კი - ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დაგროვებული ორი ფრენჩაიზის დენიელ კრეიგმა საბოლოოდ შეისისხლხორცა ახალი არქეტიპი და ახალ ამბავში, არანაკლებ გამორჩეული სამსახიობო შესრულებაც შემოგვთავაზა.
თუ წინა ფილმები თემატურად კლასობრივ სატირაზე იყო აგებული, Wake Up Dead Man ტონალურად უფრო ბნელი და ხისტია - ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს შიდაეკლესიურ სამზარეულოსთან, პიროვნების ფეტიშირებულ კულტთან და რაღა თქმა უნდა, საბოლოოდ Knives Out შეუძლებელია ანგარების, სიხარბისა და ფულის გარშემო არ იკვლევდეს ამბებს.
დენიელ კრეიგის პერსონაჟი აქ აღარ არის მხოლოდ ქარიზმატული, ირონიულობით გაჟღენთილი დაქირავებული დეტექტივი, მეძებარი ან მკვლევარი - ის პირიქით, ნაწილობრივ იძულებული ხდება მისთვის უცხო მოედანზე ითამაშოს.
ჯონოსნი მისი პერსონაჟებით ამ ფილმში გვაჩვენებს ადამიანთა ორბუნებოვნებას მისი მანკიერი ფორმებით.
ვიზუალური და კინემატოგრაფული თვალსაზრისით, Wake Up Dead Man ფრენჩაიზში, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე შემდგარი ფილმია - მისი ასკეტური მიზანსცენებითა და მონტაჟური გადაწყვეტით, რომელიც მსახიობების შესანიშნავ შესრულებებთან ერთად ძალიან დაუვიწყარ სანახაობას სთავაზობს როგორც დეტექტივების, ასევე თრილერების მოყვარულებსაც.
მეინსტრიმმა ისევ გააცოცხლა კათოლიკე მღვდლის არქეტიპი, ხოლო ჯოშ ბროლინისთვის და ჯოშ ო'კონორისთვის აშკარად კარგი წელი გამოდგა კარიერული თვალსაზრისით.
P.S ენდრიუ სკოტსაც ნახავთ.
7. Chainsaw Man – The Movie: Reze Arc
მიმდინარე წელს არც ანიმე ჟანრის მოყვარულები დაუტოვებია გულგრილი - სამ წლიანი პაუზის შემდეგ, ლეგენდარული ტაცუკი ფუჯიმოტოს Chainsaw Man-ის გაგრძელება ვიხილეთ, ამჯერად სრულმეტრაჟიან ფილმად.
შეიძლება ერთი შეხედვით კონცენტრირებული ფორმით მოწოდებული დრამატურგიული განვითარება ბევრისთვის დამაბნეველი იყოს, თუმცა ამ შემთხვევაში ესეც გამონაკლისად შეგვიძლია აღვიქვათ, რადგან დენჯისა და რეზეს ურთიერთობის ხაზი მტკივენულად ლამაზი ფორმით გვაჩვენებს ძალადობრივ სამყაროსა და დენჯის უბრალო, ადამიანურ სურვილებთან კონტრასტებს, რომელიც მთავარ პერსონაჟს მუდმივად უნდა, რომ ჰქონდეს.
ახალ ფილმზე Sony და MAPPA მუშაობდნენ, რაც საგრძნობლად აღქმადია, თუ გავითვალისწინებთ საუკეთესო სამხატვრო სტილს, როგორც მის ვიზუალურ მხარეს, ასევე ხმის დიზაინსაც - მენდეთ, ეს ყველაფერი ერთად ჟანრის არამაყურებლისთვისაც კი ძალიან მიმზიდველი, საინტერესო და ახლო ამბავი შეიძლება გახდეს, მიუხედავად იმისა, იცის თუ არა მაყურებელმა ამ სამყაროს შესახებ.
6. Together
ზაფხულის მეორე ნახევარში A24-ის ახალი თრილერი და ბოდიჰორორი, Together (ერთად) ვიხილეთ - Together ავსტრალიელი კინორეჟისორის, მაიკლ შენქსის პირველი სრულმეტრაჟიანი დებიუტია, რომელიც ახალგაზრდა წყვილის, ტიმის (დეივ ფრანკო) და მილის (ელისონ ბრი) ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობს ამბავს.
ტიმი ახალგაზრდა მუსიკოსია, მილი სკოლის მასწავლებელი, მათ ურთიერთობა იდეალური არ არის, რადგან დეივ ფრანკოს პრესონაჟს "როკსტარული" ცხოვრების დამთავრება არ სურს და ურთიერთობის "ახალ ეტაპზე" გადასაყვანად "ფეხს ითრევს".
მიუხედავად ამ ყველაფრისა, წყვილი მელბურნის ფიქციურ ვერსიაში გადადიან საცხოვრებლად, ცენტრისგან მოწყვეტილ ადგილას - ტიმს ადაპტაცია უჭირს, ერთ დღეს წყვილი "ჰაიკზე" გადაწყვეტს წასვლას, რის დროსაც ისინი მისტიურ გამოქვაბულში ჩავარდებიან - ამ დღის შემდეგ მათი სხეულები უცნაურ ცვლილებებს განიცდიან და ერთმანეთში "შერწყმას" იწყებენ, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.
5. One Battle After Another
დაახლოებით 4 წლის შემდეგ, ამერიკელი რეჟისორი, პოლ თომას ანდერსონი მისი ახალი ფილმით, One Battle Another-ით დაბრუნდა კინოეკრანებზე.
ანდერსონის ახალი ფილმი მისი ხელწერის ლოგიკური გაგრძელებაა ფაქტობრივად - One Battle After Another არის ამბავი წინააღმდეგობაზე, მუდმივ კონფლიქტსა და იმ კონიუნტქურაზე, რაშიც დღეს თითოეულ ჩვენთგანს უწევს გადაადგილება - წინააღმდეგობრივი, რევოლუციური მოძრაობის სულისკვეთება, მარგინალიზებულის გათავისუფლება ფილმის მთავარი ლაიტმოტივია.
პოლ თომას ანდერსონი ფილმის მსვლელობის განმავლობაში მაყურებელს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს - დრამტურგიული ტემპი, რომელსაც ფილმი საწყისშივე კრეფს, ფილმს მეორე ნახევრამდე მიჰყვება, შეიძლება ერთის მხრივ გამაღიზიანებელი იყოს ეს, თუმცა საერთო სურათში, ვიტყოდი ასეც არის საჭირო, რადგან, მეორე ნახევრის სანახავად ღირს 2 საათის განმავლობაში ამ ექშენით, აფეთქებებით და ტყვიებით გაჟღენთილ ეპიზოდებს გაუძლოს ადამიანმა.
ფილმის პირველი ნაწილი ბობის (ლეონარდო დიკაპრიო) და მისი შეყვარებულის, პერფიდიას (ტიანა ტეილორი)-ს გარშემო ვითარდება - ისინი ერთად ათავისუფლებენ ემიგრანტების საკონცენტრაციო ბანაკებს, ერთად ცდილობენ ვერტიკალის რღვევას, სანამ ფილმის მთავარ ანტაგონისტი, შონ პენის პერსონაჟი, სტივენ ლოქჯოუ არ დაიწყებს მათზე და მის "პოტენციურ შვილზე" ნადირობას.
ანდერსონის სცენარს, შეიძლება ჰქონდეს გარკვეული ნაპრალები (მაგალითად, ტიანა ტეილორის პერსონაჟის მეორეხარისხოვნობა, როცა რეალურად ცენტრალურ როლს თამაშობს ფილმის სცენარისთვის), განსაკუთრებით ფინალის უცნაური და მეინსტრიმული გადაწყვეტა, როცა მთელი 3 საათის განმავლობაში, რეჟისორს საავტორო ესთეტიკაზე აქვს პრეტენზია, თუმცა ანდერსონი მაინც ახერხებს ამ ყველაფრის დაკომპენსირებას.
საბოლოო ჯამში სათაურიც სიმბოლურია - ანდერსონის ფილმში ბრძოლას ბრძოლა მოჰყვება, რამეთუ დანაშაული და პასუხისმგებლობა შეუძლებელია ერთ აქტში გაიშალოს - ერთი მონეტის ორი მხარე, ძალაუფლების ვერტიკალის გაშიშვლება, ფაშიზმი და ძალიან ბევრი გასროლილი ტყვია.
4. BUGONIA
იორგოს ლანთიმოსმა, არც აცივა, არც აცხელა და 1 წლის შუალედში კიდევ ერთი ახალი ფილმი აჩუქა მაყურებელს.
ბუგონია არ არის სტანდარტული "შეჭამე მდიდარის" ან კლასობრივი სატირის თემატურ მოტივებზე აწყობილი ფილმი - ლანთიმოსი ამ შემთხვევაში, უფრო სიღრმისეულ რეცეფციას გვთავაზობს კაპიტალისტურ დინამიკასა და სივრცობრივ რეალობაში მყოფი სუბიექტების მიმართ, მათი თვითვიქტიმიზაციის, დეჰუმანიზების, მიზეზშედეგობრივი წესრიგის აღრევისა და კონსპირაციული ეპოქის მიმართ.
ფილმის ცენტრალური პერსონაჟები აპიარისტი ტედი (ჯესი პლემონსი) და "ფარმაცევტული მონსტრი კომპანიის" მფლობელი, მიშელ ფულერი (ემა სტოუნი) - ტედი მის ბიძაშვილს არწმუნებს, რომ მიშელი უცხოპლანეტელი, "ანდრომედას აგენტია" და ის აუცილებლად უნდა გაიტაცონ, რათა ტედმა მისი თეორია დაამტკიცოს და "დედამიწა გადაარჩინოს".
ტექნიკური და ესთეტიკური თვალსაზრისით, თქვენს თვალს სიამოვნება არ მოაკლდება - ჩაკეტილი, 35 მილიმეტრიან ფირზე აღბეჭდილი მიზანსცენები მუდმივ გაუცხოებასთან ერთად ასევე მოგანიჭებთ სიამოვნებას. ფილმის დრამატურგიულმა გადაწყვეტამ შეიძლება ბევრი გააღიზიანოს, დაღალოს, თუმცა ლანთიმოსის მიზანიც სწორედ ეს არის; ნაკლებს არც უნდა ელოდოთ მისგან.
ემა სტოუნის პერსონაჟი, მანქანაში Chapelle Roan-ს მუდმივად უსმენს ასევე...
3. It Was Just an Accident
ირანელმა რეჟისორის, ჯაფარ ფანაჰის ახალი ფილმი, "It Was Just an Accident" ძალიან ახლო აღმოჩნდა, განსაკუთრებით იმ რეალობაში, რაშიც დღეს ჩვენ გვიწევს ცხოვრება.
ფილმს უმიზეზოდ არ დაუმსახურებია კანის კინოფესტივალზე ოქროს პალმა - ეს რეჟიმის მსხვერპლთა ამბავი, ამბავი იმის შესახებ, თუ რა რჩება ნაწიბურების, იმ ჭრილობების მიღმა, რაც დამოუკიდებელის, თვითმყოფადის ჩახშობის და რეპრესირების შემდეგ რჩება.
ფილმის თხრობა გზის მოტივით იხსნება - ჩვენ ვხედავთ, როგორ მოდის ოჯახთან ერთად ფუნდამენტალისტური რეჟიმის "ყოფილი" წევრი, ეგბალი (იბრაჰიმ აზიზი), ის გზად ქუჩის ძაღლს გაიტანს და შემდეგ მანქანა უფუჭდება.
ეგბალი ერთ-ერთ ავტოსახელოსნოში შედის, სადაც მექანიკოსი აზერბაიჯანელი ვაჰიდია, ის ეგბალს მისი ფეხის პროთეზით ხმით იცნობს და ხვდება, რომ მის სახელოსნოში ის ადამიანი შევიდა, ვინც მას კვირების განმავლობაში აწამებდა.
ვაჰიდი გადაწყვეტს ეგბალი გაიტაცოს და შური იძიოს, რასაც წარმატებით აკეთებს - თუმცა პროცესში ეჭვი შეაქვს ეგბალის ვინაობაში, ის ვაჰიდს უმეორებს, რომ სხვაში ეშლება და მას არავინ არ უწამებია ცხოვრებაში.
ვაჰიდი რეჟიმის ყოფილ პატიმრებთან ეცდება დაკავშირებას, რათა მისი "ტუსაღის" ვინაობა დაუდასტურონ - დანარჩენს, უკვე ფილმი გეტყვით.
ჯაფარ ფანაჰი, ირანული კინოსთვის სახასიათო უბრალოებით, იუმორითა და ადამიანურობით გვაჩვენებს კოლექტიურ ტრავმებს - ტრავმებს, რასაც ავტორიტარული რეჟიმები დეკლარირებულად აყენებენ მათ წინააღმდეგ მებრძოლ ხალხს.
2. Sentimental Value
იოახიმ ტრიერი ახალი ფილმით, "Sentimental Value"-თი დაბრუნდა კინოეკრანებზე და კანის კინოფესტივალის გრანპრიც მოიპოვა - ფილმი მოგვითხრობს კინორეჟისორის, გუსტავ ბორგის (სტელან სკარსგარდი) ოჯახის და მისი ქალიშვილების, ნორას და აგნესის ამბავს - ეს არის ამბავი ოჯახის დისფუნქციურობის და არაღიარებული სიცარიელის, ტრავმების მიმართ, რომელსაც მამის სახეხატებით მუდმივად გვახსენებს ტრიერი მისი ფილმის ფინალამდე.
ნორა თეატრის მსახიობია, აგნესი ისტორიის მკვლევარი - ტრიერი ოჯახის ისტორიას შერეული ქრონოლოგიით გვაწვდის.
გუსტავი კრიზისში მყოფი კინორეჟისორია, რომელსაც ოჯახი მისივე კარიერის და ცხოვრების სტილის გამო დაენგრა (ან შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიატოვა კიდეც) - "სახლი" ამ შემთხვევაში მთავარი ტრავმული ქვაკუთხედია, ხოლო გუსტავი აქტორი, რომელიც წლების განმავლობაში აკუმულირებულ პატერნებს ერთიანად იტევს.
ტრიერის კამერა ამ ფილმში რამდენადაც ადამიანურია, იმდენადვე პრეტენზიულია - რეჟისორი განსაკუთრებული სისადავით, დისტანციიდან გვაძლევს პერსონაჟების დაკვირვების საშუალებას, ტრიერს უყვარს, როცა მის პერსონაჟებს დაუცველ, ორგანულ გარემოებებში გვაჩვენებს, ხოლო სივრცე ამ შემთხვევაში მისი მთავარი ინსტრუმენტია.
თავის მხრივ, Sentimental Value ერთგვარი შეჯამებაა ტრიერის წინა ფილმებში განვითარებული დრამატურგიული თემების და მაყურებელს გულგრილს ნამდვილად არ დატოვებს.
სანამ სიის ბოლო ფილმზე გადავალთ, გთავაზობთ იმ ფილმების ჩამონათვალს, რომელიც ათეულში ვერ მოხვდა, თუმცა ვთვლი, რომ მათი ნახვა ღირს.
1. ხმელი ფოთოლი
29 დეკემბერს, კინოთეატრ ამირანში, დოკუმენტური კინოს ასოციაციის (DOCA) ორგანიზებით ალექსანდრე კობერიძის ხმელი ფოთოლის ჩვენება გაიმართება.
უბრალოდ დამიჯერეთ და წადით კინოთეატრში.










