რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ტრამპის თქმით, უკრაინაში ომის დამთავრება იმაზე უფრო ახლოსა, ვიდრე ოდესმე ყოფილა

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
Bigstock / Palinchak

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 15 დეკემბერს რეპორტიორებს განუცხადა, რომ უკრაინაში ომის დასასრული იმაზე უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე ყოფილა და დაამატა, რომ აშშ, ევროპასთან ერთად, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობს. 

"ვფიქრობ, ახლა იმაზე უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ და ვნახოთ, რისი გაკეთება შეგვიძლია," უთხრა ტრამპმა ოვალურ ოფისში შეკრებილ რეპორტიორებს. 

ტრამპის თქმით, მოლაპარაკებების პროცეს, "ერთი შეხედვით, კარგად მიდის, მაგრამ ამას დიდი ხანია ვამბობთ." აშშ-ს პრეზიდენტმა კვლავ გაიმეორა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასამთავრებლად სამშვიდობო მოლაპარაკებები "რთულია".

ცნობისთვის, 14-15 დეკემბერს ბერლინში სამშვიდობო მოლაპარაკებები გაიმართა აშშ-ს, უკრაინისა და ევროპის ჩართულობით. მოლაპარაკებების ორი რაუნდი უკრაინის თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმა "კონსტრუქციულად და პროდუქტიულად" დაახასიათა და დაამატა, რომ მხარეებმა "რეალურ პროგრესს" მიაღწიეს. 

CNN-ის ინფორმაციით, 15 დეკემბერს ტრამპმა ვახშმის დროს ევროპელ ლიდერებთან სატელეფონო საუბარი გამართა და მათთან მიმდინარე სამშვიდობო პროცესი განიხილა. ამასთან, მან ორჯერ ისაუბრა სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთანაც. 

ტრამპის თქმით, ევროპელ ლიდერებთან სატელეფონო ზარი "ძალიან კარგი" იყო. მან ასევე დაამატა, რომ ზელენსკისთან "ხანგრძლივი საუბარი" ჰქონდა. 

15 დეკემბერს ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა თქვეს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საკითხების 90% მოგვარებული იყო და სადავოდ მხოლოდ ტერიტორიული საკითხი რჩებოდა. მაღალჩინოსანმა CNN-ს განუცხადა, რომ აშშ პრობლემის მოსაგვარებლად არაერთი წინადადებით გამოვიდა, მათ შორის, "თავისუფალი ეკონომიკური ზონის" შექმნის იდეითაც. 

თუმცა, ევროპაში მოლაპარაკებების შემდეგ ზელენსკიმ რეპორტიორებს განუცხადა, რომ უკრაინა არ აპირებს დონბასის დათმობასა და რუსულად აღიარებას:

"ჩვენ არ გვინდა ჩვენი დონბასის დათმობა. ამერიკელებს კომპრომისის პოვნა სურთ. ისინი თავისუფალი ეკონომიკური ზონის წინადადებით გამოდიან. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო - თავისუფალი ეკონომიკური ზონა არ ნიშნავს რუსული კონტროლის ქვეშ ყოფნას. ეს მნიშვნელოვანი მახასიათებელია დონბასზე ნებისმიერ ფორმატში." - აღნიშნა მან.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე დაამატა, რომ "არც დე იურე და არც დე ფაქტო ჩვენ რუსულად არ ვაღიარებთ დონბასს, იმ ნაწილს, რომელიც დროებითაა ოკუპირებული."

პარალელურად, ამერიკელმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, მოლაპარაკებების დროს მხარეებმა უკრაინისთვის NATO-ს "მეხუთე მუხლის მსგავსი" უსაფრთხოების გარანტია შეიმუშავეს, რომელიც კიევს სამომავლო რუსული აგრესიისგან დაიცავს. 

14 დეკემბერს ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინის მხრიდან NATO-ს წევრობის სანაცვლოდ უსაფრთხოების გარანტიების მიღება კომპრომისს წარმოადგენდა. 

ამ მხრივ ტრამპმა 15 დეკემბერს თეთრ სახლში რეპორტიორებთან საუბრისას აღნიშნა, რომ აშშ "ევროპასთან ერთად მუშაობს. ევროპა ამის დიდი ნაწილი იქნება."

"ჩვენ უსაფრთხოების გარანტიაზე ვმუშაობთ, რათა ომი კვლავ არ დაიწყოს." - დაამატა მან. 

ამავდროულად, 15 დეკემბერს გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა თქვა, რომ "ის, რაც აშშ-მ მატერიალური და იურიდიული გარანტიების კუთხით შემოგვთავაზა, ძალიან მნიშვნელოვანია."

ამასთან დაკავშირებით გასულ კვირას გამოცემა Axios წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მზადაა, უკრაინას NATO-ს მეხუთე მუხლზე დაფუძნებული უსაფრთხოების გარანტია მისცეს, რომელსაც აშშ-ს კონგრესიც მიიღებს და იურიდიულად სავალდებულო იქნება.

კომენტარები