აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველი, სტივ უიტკოფი ბერლინში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
როგორც გამოცემა BBC წერს, ტრამპის ადმინისტრაციას სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა შობის დღესასწაულამდე სურს.
ასევე, ამ დროისთვის ჯერ არ დადასტურებულა რომელი ევროპელი ლიდერები დაესწრებიან ბერლინში მოლაპარაკებებს, თუმცა როგორც Wall Street Journal-ი წერს, მოლაპარაკებებში მონაწილეობას დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, კირ სტარმერი, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი მიიღებენ მონაწილეობას.
Reuters-ის ინფორმაციით, უიტკოფი ევროპელ ლიდერებთან დღეს, 13 დეკემბერს და 14 დეკემბერს, ორშაბათს გამართავს შეხვედრებსაც.
ცნობისთვის, 11 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას ამერიკის შეერთებული შტატების მიერ შემუშავებული "კომპრომისული წინადადება" განმარტა - ზელენსკის თქმით, აშშ-ს მხარე თვლის, რომ უკრაინის სამხედრო ძალებსა და რუსულ სამხედრო ძალებს შორის არსებითი სხვაობა არსებობს, ხოლო აქედან გამომდინარე აშშ უკრაინას "კომპრომისზე" წასვლას სთავაზობს.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, აშშ-ს "კომპრომისული წინადადება" ეხება დონბასის ოლქის (რომელიც ამ ეტაპზე უკრაინის ხელშია) დემილიტარიზებულ, თავისუფალ ეკონომიკურ ზონად გამოცხადებას და ითვალისწინებს უკრაინული სამხედრო ძალების ოლქიდან გასვლას.





