რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ტრამპი: ომში რუსეთს უპირატესობა აქვს, ზელენსკიმ უნდა დაიწყოს რაღაცებზე დათანხმება

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
Neil Hall/EPA/Bloomberg

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Politico-სთან ვრცელ ინტერვიუში რუსეთ-უკრაინის ომზე ისაუბრა. ტრამპის თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა უნდა კარგად წაიკითხოს სამშვიდობო შეთანხმების ბოლო ვერსია და მას დათანხმდეს, რადგან არსებულ ვითარებაში, უკრაინა ომს ვერ იგებს.

ტრამპი გამოეხმაურა მისი შვილის, დონალდ ტრამპ უმცროსის კომენტარს, რომ შესაძლოა პრეზიდენტმა უკრაინა მიატოვოს. 

ტრამპის თქმით, ეს კომენტარი "სწორი არ არის, თუმცა არც ბოლომდე არასწორია"

"თუ ისინი შეთანხმებებს, პოტენციურ შეთანხმებებს არ წაიკითხავენ, რუსეთთან [მოლაპარაკება] ადვილი არ არის, რადგან მათ უპირატესობა აქვთ და ყოველთვის ჰქონდათ. გაცილებით უფრო დიდი ქვეყანაა და გაცილებით უფრო ძლიერია. უკრაინელ ხალხს და შეიარაღებულ ძალებს ძალიან ვაფასებ მათი გამბედაობის, ბრძოლისთვის და ა.შ. მაგრამ, გარკვეულ ეტაპზე, ზომა გაიმარჯვებს. და ეს უშველებელი ზომაა. [...] მან [ზელენსკიმ] უნდა დაიწყოს რაღაცებზე დათანხმება, როდესაც აგებ, და ის აგებს" – ამბობს ტრამპი.

ტრამპის მიხედვით, იმისთვის, რომ უკრაინამ დემოკრატიული ქვეყნის სტატუსი შეინარჩუნოს, საჭიროა საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება.

"ვფიქრობ, მნიშვნელოვანი დროა არჩევნების გასამართად. ისინი ომს იყენებენ საბაბად, რომ არჩევნები არ ჩაატარონ. ვფიქრობ, უკრაინელი ხალხი უნდა აკეთებდეს ამ არჩევანს. შეიძლება, ზელენსკიმ გაიმარჯვოს. არ ვიცი, ვინ გაიმარჯვებს, მაგრამ მათ დიდი ხანია არჩევნები არ ჰქონიათ. საუბრობენ დემოკრატიაზე, მაგრამ იქამდე მივდივართ, რომ ეს უკვე დემოკრატია აღარ არის" – თქვა ტრამპმა.

კითხვაზე, ფიქრობს თუ არა აშშ-ს პრეზიდენტი, რომ უკრაინა ომს აგებს, ტრამპი პასუხობს:

"ნამდვილად არ ითქმის, რომ ეს გამარჯვებაა. შემიძლია რუკა გაჩვენოთ. ძალიან დიდი ტერიტორია დაკარგეს" 

ტრამპმა NATO-ს გაფართოებაზეც ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვლადიმირ პუტინის პრეზიდენტობამდე დიდი ხნით ადრე უკვე იყო შეთანხმება, რომ უკრაინა ალიანსის წევრი არ გახდებოდა.

"პუტინამდე დიდი ხნით ადრე, იყო თანხმობა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გახდებოდა. სამართლიანობისთვის, ეს პუტინამდე ძალიან დიდი ხნით ადრე იყო. როდესაც ზელენსკი პირველად შეხვდქა პუტინს, უთხრა, რომ მას ორი რამ უნდა: ყირიმი დაიბრუნოს და NATO-ს წევრი გახდეს. მან ეს კარგი ტონით არ თქვა" – თქვა ტრამპმა. 

კომენტარები