ივანიშვილის დეპუტატის, არჩილ გორდულაძის თქმით, აქციების კანონის კიდევ უფრო გამკაცრების შემდეგ, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში, ადამიანებმა შსს-ს უნდა მიმართონ და უთხრან, რამდენი ადამიანი აპირებს აქციაზე მისვლას.
"ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, პირებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა მიმართონ და უთხრან ადამიანების კონრეტული რაოდენობა - უნდა უთხრან, რამდენი ადამიანი აპირებს შეკრება/მანიფესტაციაში მონაწილეობას, ორგანიზატორი ვინ არის, რა ადგილზე და რა დროით იმართება. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაზე შსს იმსჯელებს, იმ დროს იმ ადგილზე აქციის გამართვის შემთხვევაში სხვების უფლებები შეიზღუდება თუ არა [...]
როცა აქცია 1 წლის განმავლობაში იმართება, თუ ეს ვინმეს სპონტანური ჰგონია, მაშინ პრობლემა ქართულის გაგებასთან გვაქვს. სპონტანური აქცია ნიშნავს, რომ რაღაც მოვლენა მოხდა და შესაბამისად, ხალხი გამოვიდა და სპონტანურად მიიღო გადაწყვეტილება, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს. მაგრამ, მაშინ, როცა არსებობს სპეციალური ჯგუფები და არსებობენ სპეციალური ადამიანები, რომლებიც განსაზღვრავენ, კონკრეტულ დღეს ვინ რომელ აქციაზე მივიდეს, ე.წ. გეგმები აქვთ, მორიგეობებს აწესებენ და ერთად განსაზღვრავენ, თუ რა ადგილზე, რა დროს და რა მიმართულებით იარონ, ეს სპონტანური აქცია არაა. წინასწარ დაორგანიზებული, მართული აქციაა სპონტანური არაა". - თქვა კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.
ქართული ოცნების კანონპროექტით, რეჟიმს შეეძლება, აქციაზე ტროტუარზე დგომისთვის პატიმრობაში გაგიშვათ. დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, დგინდება სახელმწიფო ორგანოს წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება იმ შემთხვევაში, თუ შეკრება-მანიფესტაცია ხალხის მოძრაობის ადგილას იმართება.
თუ შეკრების მონაწილეები არ დასთანხმდებიან შსს-ს მიერ შეთავაზებულ ადგილზე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას, დაეკისრებათ ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო განმეორების შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე ვადით.
კანონპროექტს ივანიშვილის პარლამენტი მიმდინარე კვირაში დაჩქარებული წესით განიხილავს.





