ივანიშვილის დეპუტატმა, ირაკლი კირცხალიამ გამართულ ბრიფინგზე შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თუ შეკრების მონაწილეები არ დასთანხმდებიან შსს-ს მიერ შეთავაზებულ ადგილზე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას დაეკისრებათ ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო განმეორების შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე ვადით.
"სპონტანური ან არასპონტანური შეკრებების ან მანიფესტაციების ორგანიზატორს დაეკისრება ვალდებულება, შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების თაობაზე მუნიციპალიტეტის ორგანოს ნაცვლად, შსს გააფრთხილოს.
გაფრთხილების მიღების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიენიჭება უფლებამოსილება შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზატორებს შესთავაზოს შეკრების ჩატარების ადგილისა და სხვა სვლაგეზის ცვლილება, იმ შემთხვევაში, როდესაც შემოთავაზებული შეკრების ფორმა, ჩატარების ადგილი, ანდა სვლაგეზი საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანოებს, საწარმოებს, დაწესებულებებისა, ანდა ტრანსპორტის ნორმალურ მუშაობას, ასევე ხალხის შეუფერხებელ გადაადგილებას, ან ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს.
თუ სპონტანური ან არასპონტანური შეკრების მონაწილეები, შსს-ს მიერ მათთვის შეთავაზებულ ადგილზე, ანდა სვლაგეზზე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ დასთანხმდებიან და შეკრებას ანდა მანიფესტაციას, მაინც იმ ადგილზე ჩაატარებენ, რითაც შეზღუდავენ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, ასეთი შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეს დაეკისრება ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო ორგანიზატორს 20 დღემდე ვადით.
ამასთანავე, ანალოგიური ქმედების განმეორებით ჩადენისთვის, მონაწილეს ან ორგანიზატორს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება, სსკ-ის 347-ე მუხლით, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე ვადით." - განაცხადა კირცხალიამ.





