კობახიძის განათლების რეფორმა

სტუდენტების კვოტირებას და საგანმანათლებლო პროგრამებს მთავრობა განსაზღვრავს – გაბისონია

ივანიშვილის განათლების მინისტრის მოადგილის, ზვიად გაბისონიას განმარტებით, ახალი საკანონმდებლო ცვლილებებით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების რაოდენობის კვოტირება "მოხდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით და დაეფუძნება შრომის ბაზრის მოთხოვნებს".

გაბისონიას ცნობით, ოცნება ასევე განსაზღვრავს სახელმწიფო უნივერსიტეტებში იმ კონკრეტული მიმართულებებს, "რომელიც მისთვის იქნება მნიშვნელოვანი".

"ამ ცვლილებების მიხედვით, საქართველოს მთავრობას ენიჭება დელეგირება განსაზღვროს ორი მთავარი პარამეტრი, პირველი: სტუდენტების კვოტირების საკითხი.

სტუდენტების რაოდენობის კვოტირება მოხდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ის დაეფუძნება შრომის ბაზრის მოთხოვნებს. ამ მიმართულებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, რათა დავადგინოთ 4-5 წლიან პერიოდში შრომის ბაზრის მიმართულებით მოთხოვნები, რომლის კონვერტირებასაც პროფესიებიდან მოვახდენთ საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით, ამით დადგინდება მთავრობის მიერ კვოტირების საკითხი, იმ რაოდენობების საკითხი, რომელიც პროგრამებში უნდა იყოს.

მეორე მოდელი გულისხმობს მთავრობის მიერ საგანმანათლებლო პროგრამების განსაზღვრას. საქართველოს მთავრობა, მის საკუთრებაში არსებულ სახელმწიფო უნივერსიტეტებში გეგმავს განსაზღვროს ის კონკრეტული მიმართულებები, რომელიც მისთვის იქნება მნიშვნელოვანი". - თქვა გაბისონიამ.

ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ 17 ოქტომბერს იმედი LIVE-ის ეთერში, ქართული ოცნების მიერ დაგეგმილი განათლების რეფორმების შესახებ ისაუბრა.

კობახიძის თქმით, ახლანდელი განათლების სისტემა ვერ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებსა და სტანდარტებს, შესაბამისად, უნდა ჰქონდეთ "ამბიციური მიზანი", რომ საქართველოშიც იგივენაირი განათლება მიიღონ სტუდენტებმა, როგორც უცხოეთში.

კომენტარები