ქართულ ოცნებას "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონსა და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ მორიგი ცვლილებები შეაქვს.
რეჟიმი შეკრება-მანიფესტაციებში მონაწილეობის წესებს ამკაცრებს.
ივანიშვილის პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარადგინეს ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვით დგინდება სახელმწიფო ორგანოს წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება იმ შემთხვევაში, თუ შეკრება-მანიფესტაცია ხალხის მოძრაობის ადგილას იმართება.
პროექტში წერია, რომ თუ შეკრება-მანიფესტაცია საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, მართლწესრიგს, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას, სატრანსპორტო საშუალებებისა და ხალხის გადაადგილებას, სახელმწიფო ორგანო უფლებამოსილი იქნება მანიფესტაციის მონაწილეებს მანიფესტაციის ჩატარების ალტერნატიული ადგილის, დროის ან სვლაგეზის შესახებ მითითება მისცეს. აღნიშნული მითითების შეუსრულებლობა პასუხისმგებლობის დაკისრებას გამოიწვევს.
აღნიშნულ ცვლილებებს ივანიშვილის პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და, სავარაუდოდ, მიიღებს.





