აშშ-ს კონგრესის ლიდერებმა 7 დეკემბერს ყოველწლიური ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის (NDAA) საბოლოო ვერსია გამოაქვეყნეს, რომელიც მომდევნო წელს ეროვნულ უსაფრთხოებაზე რეკორდული, $901 მილიარდის დახარჯვის ნებართვას გასცემს.
კანონპროექტი თავდაცვის დეპარტამენტისთვის $8 მილიარდით მეტს ითვალისწინებს იმასთან შედარებით, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მაისში კონგრესისგან მოითხოვა.
3 000-გვერდიანი კანონპროექტი პენტაგონის პროგრამებზე ავტორიზაციას იძლევა, თუმცა მათ დაფინანსებას არ უზრუნველყოფს. მომდევნო ფისკალური წლისთვის საბიუჯეტო კანონპროექტი კონგრესმა ცალკე უნდა მიიღოს.
"ამ წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი ხელს შეუწყობს პრეზიდენტ ტრამპისა და რესპუბლიკელების 'ძალა მშვიდობის მეშვეობით' დღის წესრიგის წინ წაწევას პრეზიდენტი ტრამპის 15 აღმასრულებელი განკარგულების კოდიფიცირებით, პენტაგონში ვოუქ იდეოლოგიის დასრულებით, საზღვრის დაცვით, სამრეწველო პოტენციალის გამოცოცხლებითა და მეომრის ეთოსის აღდგენით," განაცხადა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა.
The Hill-ის ინფორმაციით, NDAA-ს საბოლოო ვერსიაზე შესათანხმებლად რესპუბლიკელებს შორის მოლაპარაკებები ბოლო კვირების განმავლობაში მიმდინარეობდა და წარმომადგენელთა პალატაში მასზე კენჭისყრა შესაძლოა, მომდევნო დღეებში გაიმართოს.
ცნობისთვის, წინა კვირაში The Hill-მა წყაროებზე დაყრდნობით ასევე გაავრცელა ცნობა, რომ სენატში რესპუბლიკელთა უმრავლესობის ლიდერმა, ჯონ ტუნმა წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, მაიკ ჯონსონს MEGOBARI აქტის მხარდაჭერაზე უარი უთხრა.
გამოცემის ინფორმაციით, ჯონსონს სურდა, რომ MEGOBARI აქტი ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში მოხვედრილიყო. წყაროების მიხედვით, კონგრესმენმა ჯონსონმა 21 ნოემბერს აქტიურად დაიწყო როგორც რესპუბლიკელ, ასევე დემოკრატ სენატორებთან საუბარი, რათა აქტი NDAA-ში ჩაწერილიყო, თუმცა, სენატორმა ტუნმა კვლავ უარი განაცხადა. ტუნმა სენატორი მარკვეინ მალინის თხოვნით კანონპროექტში MEGOBARI აქტის შეტანაზე უარი სექტემბერშიც თქვა.





