რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

აშშ-უკრაინის მოლაპარაკებების შემდეგ ზელენსკი ლონდონში ევროპელ ლიდერებს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერი, კირ სტარმერი, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი და პოლონეთის პრემიერი, დონალდ ტუსკი აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ტელეფონით ელაპარაკებიან ალბანეთში გამართული სამიტის დროს, 16 მაისი, 2025
Ukrainian Presidential Press Service/Handout via REUTERS

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს, 8 დეკემბერს, ლონდონში ევროპელ ლიდერებს შეხვდება იმ ფონზე, როცა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, მაიამიში უკრაინის დელეგაციასა და აშშ-ს წარმომადგენლებს შორის 3-დღიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ზელენსკის მიმართ იმედგაცრუება გამოხატა.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრის, კირ სტარმერის გარდა ზელენსკი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონსა და გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცსაც შეხვდება.

თუმცა, მანამდე ტრამპმა რეპორტიორებთან საუბრისას თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტისთვის არ არის მისაღები სამშვიდობო წინადადება, რომელიც ზელენსკის "ჯერ არც წაუკითხავს."

"ჩვენ საუბრები გვქონდა პრეზიდენტ პუტინთან და უკრაინელ ლიდერებთან, მათ შორის, პრეზიდენტ ზელენსკისთან და უნდა ვთქვა, რომ ცოტა იმედგაცრუებული ვარ, რომ პრეზიდენტ ზელენსკის [სამშვიდობო] წინადადება ჯერ არ წაუკითხავს. ეს რამდენიმე საათის წინ იყო. მის ხალხს მოსწონს ეს, მაგრამ მას - არა. რუსეთისთვის მისაღებია ეს [წინადადება]. რუსეთს, ალბათ, მთელი ქვეყანა ურჩევნია, მაგრამ რუსეთისთვის, ჩემი აზრით, მისაღებია, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ზელენსკისთვის არის მისაღები. მის ხალხს მოსწონს [წინადადება], მაგრამ მას ის არ წაუკითხავს." - თქვა ტრამპმა. 

ცნობისთვის, ვლადიმირ პუტინს აშშ-ს სამშვიდობო გეგმისადმი მხარდაჭერა საჯაროდ ამ დრომდე არ გამოუხატავს. მან 4 დეკემბერს აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის დასამთავრებლად აშშ-ს გეგმის გარკვეული ნაწილები კრემლისთვის მიუღებელია. 

მაიამიში აშშ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ, ზელენსკიმ ტრამპის მრჩევლებთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან, 2-საათიანი სატელეფონო საუბარი გამართა და მათთან ტერიტორიული საკითხები და უსაფრთხოების გარანტიები განიხილა.

ამასთანავე, ერთ წყარომ აღნიშნა, რომ აშშ-მ და უკრაინამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს და თითქმის შეთანხმდნენ კიდეც, თუმცა მეტი სამუშაოა საჭირო, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ შეთანხმებული უსაფრთხოების გარანტიის ინტერპრეტაცია უკრაინისა და რუსეთის მიერ ერთნაირად მოხდეს.

"მთავარი გამოწვევები ეხება ტერიტორიულ საკითხებსა და უსაფრთხოების გარანტიებს. ჩვენი მიზანია, უზრუნველვყოთ, რომ შეთანხმებული გადაწყვეტილებები რეალისტური, სამართლიანი და მდგრადია," განუცხადა აშშ-ში უკრაინის ელჩმა, ოლჰა სტეფანიშინამ Axios-ს.

სატელეფონო საუბრის შემდეგ ზელენსკიმ X-ზე დაწერა, რომ ტრამპის მრჩევლებთან ზარი "ძალზე ფოკუსირებული" და "კონსტრუქციული იყო. 

კომენტარები