გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 6 დეკემბერს ტრამპის მრჩევლებთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან, ორსაათიანი სატელეფონო საუბარი გამართა და მათთან ტერიტორიული საკითხები და უსაფრთხოების გარანტიები განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას Axios ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
Axios-ის მიხედვით, ზელენსკისთან ზარით დასრულდა აშშ-უკრაინის მოლაპარაკებების სამდღიანი სერია, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციის გავლენიან მაღალჩინოსნებსა და უკრაინის დელეგაციას შორის მაიამიში მიმდინარეობდა.
მანამდე, 2 დეკემბერს, უიტკოფი და კუშნერი მოსკოვში ჩავიდნენ და ვლადიმირ პუტინთან ხუთსაათიანი შეხვედრა გამართეს. გამოცემის წყაროს ცნობით, ტრამპის მრჩევლებმა ორივე მხარის პოზიციები მოისმინეს და პუტინსა და ზელენსკის შეთანხმების მისაღწევად დათმობებზე წასვლისკენ მოუწოდეს.
ერთ-ერთი წყაროს თქმით, ტერიტორიულ საკითხებზე დისკუსია რთული იყო. "რუსეთი კვლავ მოითხოვს, რომ უკრაინამ თავის კონტროლქვეშ არსებული დონბასის ნაწილებიდან უკან დაიხიოს," თუმცა, მეორე წყაროს მიხედვით, აშშ საკითხის გადასაჭრელად ახალი იდეებსაც განიხილავს.
ამასთანავე, ერთმა წყარომ აღნიშნა, რომ აშშ-მ და უკრაინამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს და თითქმის შეთანხმდნენ კიდეც, თუმცა მეტი სამუშაოა საჭირო, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ შეთანხმებული უსაფრთხოების გარანტიის ინტერპრეტაცია უკრაინისა და რუსეთის მიერ ერთნაირად მოხდეს.
"მთავარი გამოწვევები ეხება ტერიტორიულ საკითხებსა და უსაფრთხოების გარანტიებს. ჩვენი მიზანია, უზრუნველვყოთ, რომ შეთანხმებული გადაწყვეტილებები რეალისტური, სამართლიანი და მდგრადია," განუცხადა აშშ-ში უკრაინის ელჩმა, ოლჰა სტეფანიშინამ Axios-ს.
სატელეფონო საუბრის შემდეგ ზელენსკიმ X-ზე დაწერა, რომ ტრამპის მრჩევლებთან ზარი "ძალზე ფოკუსირებული" და "კონსტრუქციული იყო.
Axios-ის მიხედვით, უმეროვი და ჰნატოვი მაიამიდან ევროპისკენ ორშაბათს, 8 დეკემბერს, გაემგზავრებიან და იმავე დღეს აშშ-ს წინადადებებს ზელენსკის ლონდონში გააცნობენ.





