აშშ-ს მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახურმა განაცხადა, რომ 19 ქვეყნიდან ჩამოსული მიგრანტებისთვის მწვანე ბარათის, მოქალაქეობისა და თავშესაფრის ყველა მიმდინარე განაცხადის განხილვას შეაჩერებს. აშშ-მ იმიგრაციის კონტროლი მას შემდეგ გაამკაცრა, რაც ავღანეთის მოქალაქემ ვაშინგტონში ორი ეროვნული გვარდიის წევრი დაჭრა.
აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის სიახლოვეს მომხდარი სროლის შემდეგ განაცხადა, რომ "მესამე მსოფლიოს ქვეყნებიდან" მიგრაციას "სამუდამოდ შეაჩერებს". თავდასხმის შემდეგ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-დან გააძევებს ყველა იმ უცხოელს, "ვისაც აქ ყოფნა არ ეკუთვნის".
მოცემულ 19 ქვეყანას შორის არიან: ავღანეთი, მიანმარი, ჩადი, კონგოს რესპუბლიკა, ეკვატორული გვინეა, ერიტრეა, ჰაიტი, ირანი, ლიბია, სომალი, სუდანი, იემენი, ბურუნდი, კუბა, ლაოსი, სიერა ლეონე, ტოგო, თურქმენეთი და ვენესუელა. სააგენტო ამ ქვეყნებიდან შემოსული ძველი საქმეების ხელახლა გადამოწმებასაც გეგმავს.
აშშ-ს შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მიხედვით, აუცილებელია, რომ მოქალაქეობასა და სხვა ლეგალურ სტატუსს “საუკეთესოებიდან საუკეთესოები“ იღებდნენ: "ტრამპის ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ადამიანები, რომლებიც მოქალაქეები ხდებიან, იყვნენ საუკეთესოებიდან საუკეთესოები. მოქალაქეობა პრივილეგიაა და არა - უფლება," ნათქვამია შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის განცხადებაში.





