რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

მოსკოვში მოლაპარაკებების შემდეგ უიტკოფი და კუშნერი 4 დეკემბერს უმეროვს შეხვდებიან

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და უკრაინის თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი მაიამიში, 30 ნოემბერი, 2025
CHANDAN KHANNA / AFP

უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ში უკრაინის ელჩმა, ოლჰა სტეფანიშინამ რეპორტიორებს განუცხადა, რომ ქვეყნის თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს 4 დეკემბერს მაიამიში შეხვდება, რათა აშშ-ს წარმომადგენლების მხრიდან მოსკოვში მოლაპარაკებების შემდეგ მხარეებმა სამშვიდობო შეთანხმების კუთხით პროგრესი განიხილონ.

"დელეგაციის ხელმძღვანელი, რუსტემ უმეროვი, რომელსაც ამერიკელ და ევროპელ მოკავშირეებთან მოლაპარაკებების გარდა საქმე არ გააჩნია, აშშ-ში ხვალ ჩაფრინდება, რათა დელეგაციას ხელმეორედ შეხვდეს," ციტირებს სტეფანიშინას Suspilne.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაწერა, რომ მოსკოვიდან ამერიკული დელეგაციის დაბრუნების შემდეგ კიევი აშშ-ში ახალი შეხვედრებისთვის ემზადება.

ერთი მხრივ, ვლადიმირ პუტინსა და, მეორე მხრივ, სტივ უიტკოფსა და ტრამპის სიძეს, ჯარედ კუშნერს, შორის დაახლოებით 5-საათიანი შეხვედრა 2 დეკემბერს მოსკოვში გაიმართა.

რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა, იური უშაკოვმა შეხვედრას "ძალზე გამოსადეგი, კონსტრუქციული და ღრმად შინაარსობრივი" უწოდა. თავის მხრივ, მოსკოვში მოლაპარაკებები პროდუქტიულად დაახასიათა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც. 

კომენტარები