პარიზში უკრაინული მედიასაშუალება ТСН-ის ჟურნალისტმა, დმიტრი სვიატნენკომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სავარაუდო შვილს, ლუიზა როზოვას (ელიზავეტა კრივონოგიხ) უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ რამდენიმე კითხვა დაუსვა.
როზოვა პარიზში მდებარე მცირე ზომის გალერეა L gallery-ში მუშაობს. ჟურნალისტმაც ის სწორედ ამ გალერეაში იცნო და გამოფენის დასრულების შემდეგ ქუჩაში გამოსულს კითხვები დაუსვა.
- სამი კვირის წინ თქვენმა მამამ ძმა მომიკლა. საერთოდ, როგორ ცხოვრობთ ამ საძულველ ევროპაში?
- გადაღების უფლება არ მომიცია
- იცით, რომ კიევი ამ წუთებში ელექტროენერგიის გარეშეა და სწორედ ამ წუთებში იქ საჰაერო თავდასხმის გამაფრთხილებელი სირენის ხმა ისმის. არც ჩვენ არ მოგვიცია ამის უფლება. რა დამოკიდებულება გაქვთ მამათქვენის პოლიტიკის მიმართ? მხარს უჭერთ?
- მე რა შუაში ვარ
- მხარს უჭერთ?
- რა შუაში ვარ
- ის თქვენი მამაა. თქვენ, სულ მცირე, შეგიძლიათ მას ახლავე დაურეკოთ და უთხრათ: "მამა, შეწყვიტე კიევის დაბომბვა"
- რა თქმა უნდა
- სცადეთ!
- რა თქმა უნდა
- თქვენ შეგიძლიათ, კიევში ჩახვიდეთ და საჰაერო თავდაცვის ძალების როლი შეასრულოთ, ეს ნებისმიერ Patriot-ზე უკეთესი იქნება. ან პოკროვსკში ჩახვიდეთ, რათა ეს ყველაფერი შეწყდეს.
- თქვენ ეს წარმოგიდგენიათ? როგორ წავალ ახლა
- ძალიან კარგად წარმომიდგენია, ბილეთსაც კი გიყიდით საკუთარი ფულით, თუმცა, მამათქვენის გამო უკრაინაში თვითმფრინავები არ დაფრინავენ.
- სამწუხაროდ, ვერაფრით დაგეხმარებით. ძალიან ვწუხვარ. მგონი, საკმარისად გესაუბრეთ. მართლა ვწუხვარ, რომ ეს ხდება. სამწუხაროდ, ამ სიტუაციაზე პასუხისმგებელი მე არ ვარ. მიხარია, რომ გამბედაობა გამოიჩინეთ, ჩემთან მოხვედით და მესაუბრეთ, მაგრამ სამწუხაროდ, ვერაფრით დაგეხმარებით. სასიამოვნო საღამოს გისურვებთ. შეხვედრამდე.
ლუიზა როზოვა 2003 წელს პეტერბურგში, სავარაუდოდ, მისი დედის, სვეტლანა კრივონოგიხისა და ვლადიმირ პუტინის ურთიერთობის შედეგად დაიბადა. უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ კი როზოვამ რუსეთი დატოვა და საფრანგეთში სასწავლებლად წავიდა.





