რუსულმა პროპაგანდისტულმა მედია Известия-მ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუსვა შეკითხვა საქართველოსა და რუსეთს შორის პოლიტიკური დიალოგის აღდგენის შესახებ. პროპაგანდისტულ გამოცემას რუსეთის საგარეო უწყებაში უპასუხეს, რომ პოლიტიკური დიალოგის აღდგენის წინაპირობა არ არსებობს, რადგან ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით ახლანდელი ხელისუფლება "სააკაშვილის პოზიციებს" ინარჩუნებს.
რუსეთის საგარეო უწყებაში ამბობენ, რომ ე.წ. რესპუბლიკების აღიარების გადაწყვეტილება შეუქცევადია.
"წინაპირობები საქართველოსთან რუსეთის მიერ პოლიტიკური დიალოგის აღდგენისთვის არ არსებობს, რადგან თბილისი მიჰყვება სააკაშვილის რეჟიმის მიერ დაკავებულ პოზიციებს დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით. ეს საზიანოა თავად საქართველოსთვის და არარეალური მოთხოვნაა. მოსკოვი ხაზს უსვამდა, რომ რესპუბლიკების სახელმწიფოების აღიარების გადაწყვეტილება შეუქცევადია." - უპასუხეს რუსეთის საგარეოში Известия-ს.
როგორც რუსულ პროპაგანდისტულ მედიასთან რუსეთის საგარეო უწყებაში აღნიშნეს, რუსეთი ღიაა ნორმალიზაციის ნაბიჯებისთვის იმ ტემპით, რა ტემპითაც თბილისი იქნება მზად.
"ბურთი საქართველოს მხარესაა, რომელიც, როგორც ჩვენ გვგონია, სხვებზე მეტად თავად უნდა იყოს ამით დაინტერესებული." - უთხრეს პროპაგანდისტულ მედიას რუსეთის საგარეო უწყებაში.





