რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

მაიამიში აშშ-უკრაინის მოლაპარაკებების შემდეგ უიტკოფი უმეროვს ცალკე, ხელმეორედ შეხვდა

ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი
AP

აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა უკრაინის თავდაცვის საბჭოს მდივანთან, რუსტემ უმეროვთან მოლაპარაკებები აშშ-ს სახელმწიფო მდივნის გარეშეც გამართა, სანამ ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად მოსკოვისკენ გაემგზავრებოდა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 1-ელ დეკემბერს დაადასტურა, რომ აშშ-უკრაინის წარმომადგენლებს შორის სრული შემადგენლობით გამართული შეხვედრის შემდეგ, უიტკოფი უმეროვს ცალკეც ელაპარაკა. 

ცნობისთვის, 30 ნოემბერს მაიამიში უკრაინის დელეგაციამ მარკო რუბიოსთან, ჯარედ კუშნერთან და სტივ უიტკოფთან შეხვედრა გამართა. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ მხარეებმა განაცხადეს, რომ შეხვედრა "პროდუქტიული" იყო. 

"ჩვენ კიდევ ერთი პროდუქტიული სესია გვქონდა, ჟენევასა და ამ კვირის მოვლენებზე დაყრდნობით. როგორც უკვე ამ დილით გითხარით, ჩვენი მიზანი ომის დამთავრებაა, მაგრამ არა მხოლოდ ომის დამთავრება: ჩვენ არ გვინდა მხოლოდ ომის დამთავრება, ასევე გვსურს, დავეხმაროთ უკრაინას, იყოს სამუდამოდ უსაფრთხო, რათა აღარასდროს აღმოჩნდნენ თავდასხმის წინაშე." - თქვა რუბიომ უკრაინის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ. 

წყაროებმა უიტკოფსა და უმეროვს შორის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გამოცემა AFP-საც მიაწოდეს. მათი თქმით, აშშ-სა და უკრაინას შორის "გადაუჭრელი საკითხები" ჯერ კიდევ რჩება. 

უიტკოფი და ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს დღეს, 2 დეკემბერს, შეხვდებიან. 

კომენტარები