რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ყაზახეთმა უკრაინას შავ ზღვაზე CPC-ს რუსულ ტერმინალზე იერიშების შეწყვეტისკენ მოუწოდა

VANTOR/via REUTERS

30 ნოემბერს ყაზახეთმა უკრაინას შავ ზღვაზე კასპიის მილსადენის კონსორციუმის ტერმინალზე თავდასხმების შეწყვეტისკენ მოუწოდა მას შემდეგ, რაც წინა დღით უკრაინული დრონებით იერიშის შედეგად ტერმინალმა, რომელზეც გლობალური ნავთობის 1% მოდის, ექსპორტი შეწყვიტა და მისი ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დაზიანდა. 

კასპიის მილსადენის კონსორციუმმა (CPC), რომელიც რუს, ყაზახ და ამერიკელ მეწილეებს მოიცავს, განაცხადა, რომ ოპერაციები მას შემდეგ შეწყდა, რაც შავ ზღვაზე მდებარე რუსული ტერმინალის ნავმისადგომი მნიშვნელოვნად დაზიანდა უკრაინული საზღვაო დრონებით იერიშის შედეგად. 

ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დრონებით თავდასხმა მესამე მსგავსი შემთხვევა იყო, მათი თქმით, "ექსკლუზიურად სამოქალაქო დანიშნულების ობიექტზე, რომლის ოპერაციების უსაფრთხოებაც საერთაშორისო სამართლის სტანდარტებითაა უზრუნველყოფილი."

ყაზახეთი "პროტესტს გამოხატავს ნოვოროსიისკის პორტის წყლებში საერთაშორისო კასპიის მილსადენის კონსორციუმის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე მორიგი მიზანმიმართული იერიშის გამო," განაცხადა სამინისტრომ.

"ჩვენ მომხდარს მივიჩნევთ, როგორც ქმედებად, რომელიც ზიანს აყენებს ყაზახეთის რესპუბლიკასა და უკრაინას შორის ორმხრივ ურთიერთობებს და მოველით, რომ უკრაინული მხარე ეფექტურ ზომებს მიიღებს, რათა სამომავლოდ მსგავსი ინციდენტები აღკვეთოს." - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.

თავის მხრივ, უკრაინამ განაცხადა, რომ მისი ქმედებები არ იყო ყაზახეთის ან მესამე მხარეების წინააღმდეგ მიმართული და მიზანი მხოლოდ "სრულმასშტაბიანი რუსული აგრესიის" მოგერიება იყო.

კომენტარები