რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

მაიამიში აშშ-უკრაინის მოლაპარაკებები დასრულდა – მხარეების თქმით, შეხვედრა პროდუქტიული იყო

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და უკრაინის თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი მაიამიში, 30 ნოემბერი, 2025
CHANDAN KHANNA / AFP

აშშ-ში ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და უკრაინის დელეგაციას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები დასრულდა.

შეხვედრის შემდეგ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ და უკრაინის თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმა რეპორტიორებთან ერთობლივად საუბრისას განაცხადეს, რომ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი "ძალიან პროდუქტიული" იყო.

"ჩვენ კიდევ ერთი პროდუქტიული სესია გვქონდა, ჟენევასა და ამ კვირის მოვლენებზე დაყრდნობით. როგორც უკვე ამ დილით გითხარით, ჩვენი მიზანი ომის დამთავრებაა, მაგრამ არა მხოლოდ ომის დამთავრება: ჩვენ არ გვინდა მხოლოდ ომის დამთავრება, ასევე გვსურს, დავეხმაროთ უკრაინას, იყოს სამუდამოდ უსაფრთხო, რათა აღარასდროს აღმოჩნდნენ თავდასხმის წინაშე და, არანაკლებ მნიშვნელოვნად, გვინდა, რომ ისინი რეალური კეთილდღეობის ხანაში შევიდნენ. გვინდა, რომ უკრაინელი ხალხი ამ ომიდან გამოვიდეს და არა მხოლოდ აღადგინონ თავიანთი ქვეყანა, არამედ აღადგინონ ისე, რომ იყოს იმაზე უფრო ძლიერი და აყვავებული, ვიდრე ოდესმე ყოფილა." - განუცხადა რუბიომ რეპორტიორებს.

რუბიოს თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე მხარეებმა გააგრძელეს ის სამუშაო, რასაც გასულ კვირას ჟენევაში ჩაეყარა საფუძველი, თუმცა, მან ასევე დაამატა, რომ "მეტი სამუშაო დარჩა". 

ცნობისთვის, უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებების შემდეგ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი მომდევნო კვირაში მოსკოვში ჩავა ვლადიმირ პუტინთან მოსალაპარაკებლად.

"ეს დელიკატური და რთულია. ბევრი მოძრავი ნაწილია და, რა თქმა უნდა, სხვა მხარეცაა ჩართული, რომელიც განტოლების ნაწილი უნდა იყოს და ეს მოგვიანებით, ამ კვირაში, გაგრძელდება, როცა ბატონი უიტკოფი მოსკოვში გაემგზავრება." - აღნიშნა რუბიომ.

თავის მხრივ, უმეროვმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა აშშ-ს და აღნიშნა, რომ მხარეების მიზანი "აყვავებული, ძლიერი" უკრაინაა.

"კიდევ ერთხელ, ჩვენ მადლიერები ვართ ამერიკელი ხალხის, აშშ-ს ხელმძღვანელობისა და სახელმწიფო მდივნის, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის დიდებული გუნდის მიმართ, ჩვენთან გაწეული უზარმაზარი სამუშაოსთვის. ჩვენი მიზანია აყვავებული, ძლიერი უკრაინა. ჩვენ განვიხილეთ უკრაინის მომავალი, განვიხილეთ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია უკრაინისთვისა და უკრაინელი ხალხისთვის და აშშ იყო ზედმიწევნით მხარდამჭერი. ჩვენ უკვე გვქონდა წარმატებული შეხვედრა ჟენევაში და დღეს ჩვენ გავაგრძელეთ ეს წარმატება. ეს შეხვედრა იყო პროდუქტიული და წარმატებული და მომდევნო ეტაპებზე, იმედია, გაცნობებთ." - აღნიშნა უმეროვმა. 

კომენტარები