რუსეთი

მედია: რუსეთში კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გაშვების შემდეგ აფეთქდა და ჩამოვარდა

მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ რუსეთში, ორენბურგის ოლქის ქალაქ იასნიში სავარაუდოდ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა წარუმატებლად გაშვების შემდეგ აფეთქდა და ჩამოვარდა.

რუსულ Telegram-არხებში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ სავარაუდო კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გაშვების შემდეგ ვარდება, აფეთქების შედეგად კი იისფერი კვამლი წარმოიქმნება. 

უკრაინული სამხედრო გამოცემა Мілітарний წერს, რომ ვიდეოში სავარაუდოდ Авангард-ის ტიპის ზებგერითი ფრთოსანი ქობინის მქონე УР-100Н ტიპის კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა ჩანს.

ამასთან, Telegram-არხი Astra წერდა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, აფეთქებისა და კვამლის მიზეზი რაკეტის წარუმატებელი გაშვება იყო. მოგვიანებით, Astra წერდა, რომ რაკეტა შესაძლოა Сармат-ის ტიპის კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა ყოფილიყო. 

შემთხვევასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.

იასნიში მდებარეობს კოსმოდრომი და სარაკეტო ბაზა. ეს 11-იდან ერთ-ერთი პუნქტია, რომლიდანაც რუსეთს სახმელეთო ბაზირების შორი მანძილის რაკეტების გაშვება შეუძლია.

კომენტარები