რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

პუტინი: თუ უკრაინის არმია ოკუპირებულ ტერიტორიებს დატოვებს, საომარ მოქმედებებს შევწყვეტთ

ვლადიმირ პუტინი ვალდაის კონფერენციაზე, 2025 წლის 2 ოქტომბერი.
РИА Новости / Григорий Сысоев 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ყირგიზეთის დედაქალაქში, ბიშკეკში ვიზიტის შესახებ პრესკონფერენცია გამართა და მათ შორის, აშშ-ს სამშვიდობო გეგმას გამოეხმაურა.

პუტინის თქმით, სამშვიდობო შეთანხმების პროექტი არ არსებობდა და ეს იყო განსახილველი საკითხების სია. ამასთან, ჟენევაში აშშ-სა და უკრაინას შორის შეთანხმებულ პუნქტებზე საუბრისას, პუტინმა აღნიშნა, რომ მხარეებმა იქ 28-პუნქტიანი ოთხ ნაწილად გაყვეს.

"უკრაინასა და აშშ-ს შორის ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, მათ გადაწყვიტეს, რომ ეს 28 პუნქტი დაეყოთ ოთხ კომპონენტად, ეს ყოველივე გადმოგვეცა ჩვენ. საბოლოო ჯამში ვთანხმდებით, რომ ეს შესაძლოა, იყოს მომავალი შეთანხმებების საფუძველი". - თქვა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის არმია უნდა გავიდეს "მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან" და მხოლოდ ამ შემთხვევაში შეწყვეტს რუსეთი საომარ მოქმედებებს.

"თუ უკრაინელი სამხედროები დატოვებენ იმ ტერიტორიებს, რომლებიც ახლა ოკუპირებული აქვთ, მაშინ ჩვენ შევწყვეტთ საომარ მოქმედებებს, თუ ისინი არ გავლენ, მაშინ ამას ისედაც მივაღწევთ სამხედრო შესაძლებლობებით". - თქვა პუტინმა.

ამასთან, პუტინის მტკიცებით, რუსული ჯარები ფრონტზე ყველა მიმართულებით წარმატებით მიიწევენ წინ და "კრასნოარმეისკი და დიმიტროვი მთლიანად ალყაშია მოქცეული".

კომენტარები