თურქული მედიის ინფორმაციით, სასამართლომ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიმართ გაჟღერებული მუქარის ბრალდებით თურქ ჟურნალისტს 4-წლიანი პატიმრობა მიუსჯაეს.
63 წლის ფათიჰ ალთაილი, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ჟურნალისტი, რომლის YouTube–პროგრამებს ყოველდღიურად ასეულ ათასამდე მაყურებელი ჰყავდა, ოთხ წელი და ორი თვე მიესაჯა.
ის ივნისში პრეზიდენტის მიმართ მუქარის გავრცელების ბრალდებით დააკავეს.
ალთაილი ბრალდებას უარყოფს და განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს.
ბრალდება ერთ-ერთი საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შესახებ მის მიერ გაკეთებულ კომენტარს უკავშირდება. აღნიშნული გამოკითხვის მიხედვით, თურქეთის მოსახლეობის 70%-ზე მეტი ერდოღანისთვის სიცოცხლის ბოლომდე პრეზიდენტობის მინიჭების იდეას ეწინააღმდეგებოდა. ცნობისთვის, ერდოღანი უკვე ორი ათწლეულზე მეტია ხელისუფლებაშია.
ალთაილიმ თქვა, რომ შედეგმა არ გააკვირვა და რომ თურქ ხალხს ხელისუფლებაზე კონტროლის არსებობა ურჩევნია.
"შეხედეთ ამ ერის ისტორიას - ეს არის ერი, რომელიც თავის სულთნებს ახრჩობდა, როცა ის აღარ მოსწონდა ან აღარ უნდოდა. საკმაოდ ბევრი ოსმალეთის [იმპერიის] სულთანი არსებობს, რომელიც მოკლეს, დაახრჩვეს, ან მათი სიკვდილი ისე წარმოაჩინეს, თითქოს თვითმკვლელობა იყო" - თქვა მან.
26 ნოემბერს ალთაილიმ სასამართლოს განუცხადა, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდებები "უსაფუძვლო და ზედმეტია".
"რატომ უნდა ეშინოდეს პრეზიდენტს ჩემი? მე არ ვარ არცერთი ორგანიზაციის, ან რაიმე მსგავსის, წევრი. არასოდეს გამიმართლებია ძალადობა" - თქვა მან სასამართლოზე.





