რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

Bloomberg: უიტკოფი უკრაინის სამშვიდობო გეგმაზე ტრამპთან სალაპარაკოდ რუსეთს რჩევებს აძლევდა

ტრამპის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი
Anna Moneymaker/Getty Images

გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა ოქტომბერში სატელეფონო საუბარი გამართა ვლადიმირ პუტინის თანაშემწე იური უშაკოვთან, რომელსაც უკრაინაში ომის დასამთავრებლად ღაზის სამშვიდობო შეთანხმების მსგავსი გეგმის შემუშავება შესთავაზა.

გამოცემის ცნობით, 5 წუთზე ოდნავ მეტი ხანგრძლივობის ზარისას უიტკოფმა კრემლის მაღალჩინოსანს ურჩია, რომ კარგი იქნებოდა, თუ პუტინი ამ საკითხს ტრამპთან საუბრის დროს წამოჭრიდა.

ტრამპის წარმომადგენელმა უშაკოვს, რომელიც საგარეო პოლიტიკის საკითხებში პუტინის თანაშემწეა, ასევე რჩევები მისცა იმის შესახებაც, თუ როგორ უფრო ხელსაყრელი იქნებოდა პუტინისთვის ტრამპთან ამ საკითხზე საუბრის დაწყება. უიტკოფის მითითებებს შორის იყო რჩევები თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტამდე ტრამპი-პუტინის ზარის გამართვის შესახებ და ტრამპთან საუბრის საწყის წერტილად ღაზაში მიღწეული შეთანხმების გამოყენებაზე.

Bloomberg ასაჯაროებს უიტკოფსა და უშაკოვს შორის გამართული სატელეფონო საუბრის სრულ ტრანსკრიპტსაც, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

უიტკოფი უკრაინაზე ტრამპთან სასაუბროდ რუსეთს რჩევებს აძლევდა – Bloomberg-ის სრული ტრანსკრიპტი

როგორც გასაჯაროებული სატელეფონო საუბრიდან ირკვევა, უიტკოფმა თავის რუს კოლეგას უთხრა, რომ პუტინის მიმართ ღრმა პატივისცემა აქვს. უიტკოფის თქმით, მან ტრამპს ისიც უთხრა, რომ რუსეთს ყოველთვის სურდა სამშვიდობო შეთანხმების დადება. ამასთან, უიტკოფმა სატელეფონო საუბრისას ახსენა თეთრ სახლში 17 ოქტომბრისთვის დაგეგმილი ზელენსკის ვიზიტიც და რუსულ მხარეს ურჩია, აღნიშნული შეხვედრის დაწყებამდე პუტინი ტრამპს დალაპარაკებოდა.

"ზელენსკი პარასკევს თეთრ სახლში ჩამოდის. მე ამაზე წავალ, რადგან იქ უნდათ, რომ ვიყო, მაგრამ ჩემი აზრით, თუ შესაძლებელია შენს უფროსთან ზარი გვექნება პარასკევის შეხვედრამდე." - ეუბნება უიტკოფი უშაკოვს.

თავის მხრივ, უშაკოვმა უიტკოფს ჰკითხა, იქნებოდა თუ არა "სასარგებლო", თუკი პუტინი ტრამპს დაურეკავდა, რაზეც უიტკოფმა დადებითი პასუხი გასცა. 

ამასთანავე, უიტკოფმა პუტინის თანაშემწეს ურჩია, რომ ღაზის სამშვიდობო შეთანხმებისთვის პუტინს ტრამპისთვის მიელოცა და ეთქვა, რომ რუსეთი ამ ზავს მხარს უჭერდა. უიტკოფის მითითებით, კარგი იქნებოდა ისიც, თუკი პუტინი იტყოდა, რომ ტრამპს, როგორც მშვიდობისმოყვარულ კაცს, პატივს სცემს. 

"აი, რას ვფიქრობ, რომ შესანიშნავი იქნებოდა," დაამატა უიტკოფმა: "იქნებ მან [პუტინმა] პრეზიდენტ პუტინს უთხრას: იცით, სტივმა და იურიმ განიხილეს საკმაოდ ანალოგიური 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა და რომ ჩვენი აზრით, ამის მეშვეობით შესაძლებელია ოდნავ წინ წაწევა, ჩვენ ვემხრობით ასეთ რაღაცებს."

თავის მხრივ, უშაკოვმა, როგორც ჩანს, ტრამპის წარმომადგენლის რჩევები გაითვალისწინა და თქვა, რომ პუტინი ტრამპს "მიულოცავს" და იტყვის, რომ "ბატონი ტრამპი ნამდვილი მშვიდობის კაცია".

ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი ორი დღის შემდეგ, რუსული მხარის მოთხოვნით, გაიმართა და აშშ-ს პრეზიდენტმა ორსაათნახევრიანი სატელეფონო საუბარი "ძალზე პროდუქტიულად" შეაფასა. ტრამპმა ასევე გამოაცხადა გეგმები ბუდაპეშტში პუტინთან შეხვედრის თაობაზე, თუმცა სამიტი დღემდე არ შემდგარა. ტრამპმა ახსენა ისიც, რომ პუტინმა სატელეფონო საუბრისას მას ღაზაში მიღწეული შეთანხმება მიულოცა. 

ცნობისთვის, 17 ოქტომბერს თეთრ სახლში უკრაინისა და აშშ-ს ლიდერებს შორის შეხვედრის გამართვამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ზელენსკი ტრამპთან კიევისთვის Tomahawk-ების რაკეტების მიწოდების იდეის განხილვას აპირებდა. თუმცა, შეხვედრის შემდეგ Axios წერდა, რომ როგორც ტრამპმა ზელენსკის განუმარტა, ამ ეტაპზე აშშ უკრაინისთვის Tomahawk-ის ტიპის შორი რადიუსის ფრთოსანი რაკეტების მიწოდებას არ აპირებდა. 

ზელენსკისთან შეხვედრამდე რუსეთის პრეზიდენტისადმი ტრამპის დამოკიდებულება მკვეთრად იყო გაუარესებული და, გავრცელებული ცნობებით, ტრამპი მართლაც განიხილავდა კიევისთვის Tomahawk-ების გადაცემას და რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების გამოცხადებას. 

" არ ვიცი, რატომ აგრძელებს ამ ომს. ეს ომი მისთვის ძალიან ცუდი გამოდგა. ის უკვე ოთხი წელია ომშია, ომში, რომელიც ერთ კვირაში უნდა მოეგო. ახლა კი უკვე მეოთხე წელს უახლოვდება. მან დაახლოებით მილიონ-ნახევარი ჯარისკაცი დაკარგა." - წერდა ტრამპი 15 ოქტომბერს. 

აშშ-ს პრეზიდენტმა 25 ნოემბერს დაწერა, რომ სამშვიდობო გეგმაზე მუშაობის დასრულების მიზნით, მან მოსკოვში, ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად სტივ უიტკოფი გაგზავნა. პარალელურად, უკრაინულ მხარესთან შესახვედრად კიევში აშშ-ს არმიის მინისტრი, დენ დრისკოლი ჩავა.

მანამდე მედიაში ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინა დათანხმდა აშშ-ს შუამავლობით შემუშავებულ სამშვიდობო გეგმას, რომელიც თავდაპირველი 28-პუნქტიანი ვარიანტიდან, ჟენევაში აშშ-უკრაინის დელეგაციების შეხვედრის შემდეგ, 19-პუნქტიან ვერსიამდე შემცირდა, რომლიდანაც ამოღებულია უკრაინისთვის ყველაზე რთული და მიუღებელი საკითხები. მედიაში გავრცელებული ცნობებით, შედარებით რთულ საკითხებზე საბოლოო გადაწყვეტილებას უშუალოდ ტრამპი და ზელენსკი პირადად შეხვედრის შემდეგ მიიღებენ.

პარალელურად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის სამშვიდობო გეგმის თავდაპირველი ვერსია "მისასალმებელი" იყო. ლავროვმა ევროპა და უკრაინა თავდაპირველი გეგმის შეცვლაშიც დაადანაშაულა და დაამატა, რომ შესწორებული დოკუმენტი უნდა ასახავდეს პრეზიდენტ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის ალასკაში მოლაპარაკებებისას მიღწეული ურთიერთგაგების "სულისკვეთებას".

კომენტარები