CNN აშშ-ს ადმინისტრაციის თანამდებობის პირზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინა აშშ-ს სამშვიდობო შეთანხმებას დათანხმდა.
"უკრაინელები დათანხმდნენ სამშვიდობო შეთანხმებას. არის მცირე დეტალები, რაც შესათანხმებელია, თუმცა სამშვიდობო შეთანხმებას დათანხმდნენ" – ამბობს ამერიკელი მაღალჩინოსანი CNN-ის მიხედვით.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების მდივანმა, რუსტემ უმეროვმა X-ზე დაწერა, რომ უკრაინისა და აშშ-ს დელეგაციები "ჟენევაში განხილული შეთანხმების ძირეულ პირობებზე შეთანხმდნენ"
მანამდე, გამოცემა Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ს არმიის მინისტრი, დენ დრისკოლი არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელთან და რუსულ დელეგაციასთან მოლაპარაკებებს მართავს.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟენევაში აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებს შორის გამართული სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ თქვა, რომ აშშ-ს "28-პუნქტიან გეგმაში" აღარ არსებობს იმდენი პუნქტი, რამდენიც თავდაპირველად იყო და დაამატა, რომ ამის სანაცვლოდ სამუშაო ჩარჩოს ფარგლებში მრავალი "სწორი ელემენტის" გათვალისწინება მოხდა.
ზელენსკის თქმით, სამშვიდობო შეთანხმებისკენ გადადგმული ეს ახალი ნაბიჯები "სწორ მიდგომას" წარმოადგენს. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განმარტა, რომ "სენსიტიურ საკითხებს" პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან პირადად განიხილავს.
თავის მხრივ, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ უკრაინულ მხარესთან გამართული დისკუსიების შემდეგ განაცხადა, რომ ეს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის ძალისხმევის "ყველაზე პროდუქტიული" დღე იყო და მიუთითა, რომ მხარეებმა სამშვიდობო წინადადებაში პოტენციური სადავო პუნქტები განსაზღვრეს.
მოლაპარაკებების შემდეგ აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებმა ერთობლივი განცხადებაც გაავრცელეს, რომელშიც მოლაპარაკებები "კონსტრუქციულად" შეაფასეს. მხარეებმა ასევე აღნიშნეს, რომ დისკუსიების შედეგად აშშ-მ და უკრაინამ "განახლებული და დახვეწილი" დოკუმენტი შეიმუშავეს.





