რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

FT: აშშ-მ აბუ-დაბიში რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებები გამართა

აშშ-ს არმიის მინისტრი, დენ დრისკოლი, რომელიც ჟენევაში გამართულ სამშვიდობო მოლაპარაკებებში იღებდა მონაწილეობას
Fabrice Coffrini/AFP/Getty Images

გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, აშშ-ს არმიის მინისტრი, დენ დრისკოლი არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელთან და რუსულ დელეგაციასთან მოლაპარაკებებს მართავს. 

ამერიკელი მაღალჩინოსნებისა და წყაროების ცნობით, დრისკოლმა რუსულ დელეგაციასთან მოლაპარაკებები 24 ნოემბერს ღამით დაიწყო, ხოლო დისკუსიების გაგრძელება დღესაც იგეგმება.

FT წერს, რომ რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა, ორმა წყარომ გამოცემას განუცხადა, რომ იგეგმებოდა დრისკოლის შეხვედრა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР) მეთაურთან, კირილო ბუდანოვთან.

აშშ-ს მაღალჩინოსნის თქმით, გასულ დღეებში უკრაინელ მაღალჩინოსნებთან მოლაპარაკებების პროცესში დრისკოლი აქტიურად იყო ჩართული და, შესაბამისად, საკითხზე რუსულ მხარესთან კომუნიკაციას შეძლებს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, სერგიი კისლიცამ, X-ზე დაადასტურა, რომ აბუ-დაბიში დენ დრისკოლმა რუს მაღალჩინოსნებთან მოლაპარაკებები გამართა, რაც "მუშაობის ლოგიკური გაგრძელებაა, რათა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი დასრულდეს." 

"მოლაპარაკებები შესაძლოა, სამშაბათსაც გაგრძელდეს," დაამატა კისლიცამ. 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟენევაში აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებს შორის გამართული სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ თქვა, რომ აშშ-ს "28-პუნქტიან გეგმაში" აღარ არსებობს იმდენი პუნქტი, რამდენიც თავდაპირველად იყო და დაამატა, რომ ამის სანაცვლოდ სამუშაო ჩარჩოს ფარგლებში მრავალი "სწორი ელემენტის" გათვალისწინება მოხდა. 

ზელენსკის თქმით, სამშვიდობო შეთანხმებისკენ გადადგმული ეს ახალი ნაბიჯები "სწორ მიდგომას" წარმოადგენს. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განმარტა, რომ "სენსიტიურ საკითხებს" პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან პირადად განიხილავს.

თავის მხრივ, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ უკრაინულ მხარესთან გამართული დისკუსიების შემდეგ განაცხადა, რომ ეს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის ძალისხმევის "ყველაზე პროდუქტიული" დღე იყო და მიუთითა, რომ მხარეებმა სამშვიდობო წინადადებაში პოტენციური სადავო პუნქტები განსაზღვრეს.

მოლაპარაკებების შემდეგ აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებმა ერთობლივი განცხადებაც გაავრცელეს, რომელშიც მოლაპარაკებები "კონსტრუქციულად" შეაფასეს. მხარეებმა ასევე აღნიშნეს, რომ დისკუსიების შედეგად აშშ-მ და უკრაინამ "განახლებული და დახვეწილი" დოკუმენტი შეიმუშავეს.

კომენტარები