კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია საკუთარ სასამართლო პროცესზე, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილის FB-პოსტს გამოეხმაურა. მელიამ თქვა, რომ ის "ცილისმწამებლური ბრალდებების" გამო სააკაშვილთან ვერ ითანამშრომლებს.
"ჩვენ გრძელვადიანი ბრძოლა უნდა დავგეგმოთ იმისთვის, რომ გამარჯვება მოკლე ვადაში მოვიპოვოთ. სამწუხაროდ, წლების განმავლობაში, პირიქით ვაკეთებდით - იმისთვის, რომ ჩვენი თანამოაზრისთვის გული არ გვეტკინა. ჩვენ ამ უსამართლობას იმ შემთხვევაში დავასრულებთ, თუ ვიტყვით, რომ ბრძოლა და წინააღმდეგობა უკომპრომისო იქნება, მაგრამ ფინალი და ფინალური აკორდის აღება როდის მოხდება, 8 თვეში, 9-ში თუ 1 წელში, ეს არავინ ვიცით.
ჯგუფებს შორის კოორდინაცია უმნიშვნელოვანესია, მაგრამ რამდენიმე კვირის წინ, ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, მათ შორის, პირადად მეც ივანიშვილზე გაყიდული და გარიგებული მიწოდა. ჩემი მხრიდან შეუძლებელია ისეთ პოლიტიკოსთან თანამშრომლობა, რომელიც ივანიშვილთან გარიგებაში ბრალს გდებს. იმ ივანიშვილთან, ვისაც მთელი არსებით რუსული რეჟიმის ინტერესების გამტარებელს ვუწოდებ. როცა ასეთ ცილისწამებლურ ბრალდებას ისვრის და სადღაც ბოლოში იტყვის, რომ ყველაფრის მიუხედავად მეგობრულად უნდა ვიცხოვროთო - ჩემი პირადი პოზიციია, რომ მე ასეთ ადამიანებთან ერთ სივრცეში ვერასოდეს მნახავთ. იცით, რომ მასთან დაკავშირებით 2021-2023 წლების პერიოდზე სათქმელი ბევრი კონკრეტული ფაქტი მაქვს. მიხარია, რომ მისი პარტიის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მისი პოზიცია არ გაიზიარა, მაგრამ თუ სიმართლე ოპოზიციიდანვე არ დაფასდება და ყველა ფეხის ნაბიჯზე სიყალბე იქნება, რომ თან გაყიდული ხარ და თან მოდი ვითანამშრომლოთო, ეს ვერ მოხდება. მე, ნიკა მელიას ასეთი ბრალმდებელის გვერდში ერთ ჰექტარზეც კი ვერ მნახავთ ვერასოდეს - ერთ სივრცეში, ერთ ფიზიკურ გარემოში". - თქვა მელიამ პროცესზე.
3 ნოემბერს გამოქვეყნებულ პოსტში მიხეილ სააკაშვილმა ენმ-დან წასულ პოლიტიკოსებზე და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილის გარკვეულ ფინანსურ ინტერესებზე ისაუბრა.
"მანამდე ივანიშვილი იყენებდა სისხლის სამართლის დევნას, ძალადობას, როცა ჩვენი წევრები გამოყარეს საკრებულოდან და პირდაპირ მოსყიდვას ჩვენი ფრაქციიდან ხალხის გამოყოფის წასახალისებლად. ივანიშვილი 2014-დან ამ საქმეში იყენებდა პარლამენტის ყოფილ წევრს ენმ-დან, პალიკო კუბლაშვილს, რომელიც ყველანაირად ახალისებდა ყოფილ თანამებრძოლებს, ცალკე გასულიყვნენ და თავის მხრივ ჰპირდებოდა დაფინანსებას.
გამოყოფილებს (გამოყოფა მოხდა 2016 წლის არჩევნების შემდეგაც) უსვამდნენ პირობას - მათ იმას კი არ სთხოვდნენ, რომ ივანიშვილი შეექოთ, არამედ გამოსულიყვნენ ლოზუნგით "არც მიშა არც ბიძინა". 2018 წელს ამ ლოზუნგით რომ არ გამოსულიყო დავით ბაქრაძე და ცალკე არ ეყარა კენჭი, მიუხედავად ყველანაირი გაყალბებისა, ენმ-ის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე პირველ ტურშივე მოიგებდა საპრეზიდენტო არჩევნებს.
შარშანდელ არჩევნებზე არენაზე გამოიყვანეს ჩემი ყოფილი პრემიერი, რომელიც ჩემგან და ჩემი ხელისუფლების 90%-სგან განსხვავებით მულტიმილიონერია და მისი სიმდიდრის უმთავრესი წყარო არის მისი ძმის “საქართველოს ბანკი”. ამ ბანკის ინტერესები ბოლომდეა გადახლართული ივანიშვილთან და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია რუსეთთან, რომლის ფულს ის რეცხავს - როგორც ახლა საბოლოოდ დადასტურდა, ინტენსიურად ლობირებს ივანიშვილს დასავლეთში.
გილაურმა “თავისი” ფული ჩადო საარჩევნო კამპანიაში იმ პირობით, რომ არ მოხდებოდა პარტიების გაერთიანება, მედიაში იმ პირობით, რომ მინიმუმამდე დასულიყო ჩემი ხსენება.
ჩაიარა არჩევნებმა, “მთავარი არხი” დაიხურა და გილაურიც აორთქლდა და გადაერთო ივანიშვილის ლობირებაზე დასავლეთში.
დარწმუნებული ვარ, რომ ბოლო “ადგილობრივ არჩევნებშიც” აამოქმედა ივანიშვილმა ფინანსური ბერკეტები და ახლაც კარგად აცხოვრებს იმ პერსონაჟებს, (აბა რით ირჩენენ თავს?) რომელთა მთავარი დავალებაა „არა მიშას ძახება“, თან ისე რომ ივანიშვილი პრაქტიკულად აღარც ახსენდებათ". - წერია სააკაშვილის 3 ნოემბრის პოსტში





