CBS News-ის ინფორმაციით, აშშ-ს სამშვიდობო ძალისხმევის ფარგლებში ამერიკელი და უკრაინელი მაღალჩინოსნები მიმდინარე კვირაში ვაშინგტონში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის დაგეგმვას განიხილავენ.
წყაროების თქმით, ზელენსკის ვაშინგტონში გამგზავრება დამოკიდებულია 23 ნოემბერს ჟენევაში აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების შედეგზე.
თავად ტრამპმა განაცხადა, რომ კიევისთვის მადლიერების დღემდე, ე.ი. 27 ნოემბრამდე მიცემული ვადა მოქნილია და რეპორტიორებს 22 ნოემბერს ისიც უთხრა, რომ მისი წინადადება "არ არის საბოლოო".
ჟენევაში მოლაპარაკებების შემდეგ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, ეს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის ძალისხმევის "ყველაზე პროდუქტიული" დღე იყო. მანვე მიუთითა, რომ მხარეებმა სამშვიდობო წინადადებაში პოტენციური სადავო პუნქტები განსაზღვრეს.
"ძალიან კარგი დღე გვქონდა. ვფიქრობ, უზარმაზარ პროგრესს მივაღწიეთ. [...] დღეს აქ ერთი მიზნით მოვედით და ეს მიზანი იყო, რომ აგვეღო 28 თუ 26 პუნქტი, გააჩნია ვერსიას, რადგან დოკუმენტი ვითარდებოდა, და დაგვევიწროვებინა ისინი, რომლებიც გადაუჭრელია. ამას დღეს ძალიან მნიშვნელოვანი მასშტაბით მივაღწიეთ". - თქვა რუბიომ.
მოლაპარაკებების შემდეგ აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებმა ერთობლივი განცხადებაც გაავრცელეს, რომელშიც მოლაპარაკებები "კონსტრუქციულად" შეაფასეს. მხარეებმა ასევე აღნიშნეს, რომ დისკუსიების შედეგად აშშ-მ და უკრაინამ "განახლებული და დახვეწილი" დოკუმენტი შეიმუშავეს.





