გამოცემა Kyiv Independent-ის ინფორმაციით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (SBU) წყარომ მათ განუცხადა, რომ სააგენტომ 14 ნოემბერს რუსეთის ნოვოროსიისკის პორტსა და ნავთობის სხვა ობიექტებზე დრონებით იერიშების ფარგლებში S-400-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის ოთხი დანადგარი და ორი რადიოლოკაციური სადგური გაანადგურა.
წინასწარი მონაცემების მიხედვით, უკრაინამ შორი რადიუსის დრონების მეშვეობით ნოვოროსიისკის პორტზე იერიშის ფარგლებში ნავთობსაცავი, კონტეინერების ტერმინალი, სანაპირო ინფრასტრუქტურა და რუსული გემი ამოიღო მიზანში.
გამოცემის ცნობით, მათ მიერ მოპოვებულ სატელიტურ სურათებზე S-400-ის ანტისარაკეტო სისტემის ოთხი განადგურებული გამშვები დანადგარი ჩანს, რომლებიც სამხედრო ბაზაზე იყო განლაგებული. არსებული ინფორმაციით, იერიშის ფარგლებში ასევე განადგურდა 96N6-ისა და 92N6 ტიპის რადიოლოკაციური სადგურებიც.
Kyiv Independent-ის მიხედვით, ბაზაზე ჯამში, სავარაუდოდ, S-400 სისტემის 12 გამშვები დანადგარი იყო განთავსებული და SBU-ს წყარომ მიანიშნა, რომ იერიშის შედეგად შესაძლოა, დამატებით რამდენიმე გამშვები დანადგარიც დაზიანდა.
ცნობისთვის, უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის მხარეში რუსეთის ნოვოროსიისკის პორტზე იერიში 14 ნოემბერს მიიტანეს, რის შედეგადაც დაზიანდა ნავთობის ტერმინალი და გაჩნდა მასშტაბური ხანძარი.
მოგვიანებით გამოცემა Reuters-ს ორმა წყარომ განუცხადა, რომ პორტმა ნავთობის ექსპორტი შეაჩერა და ნავთობის მილსადენებზე მონოპოლიის მქონე კომპანიამ, Transneft-მა პორტისკენ ნედლი ნავთობის გაგზავნა შეწყვიტა.
წყაროების თქმით, ნოვოროსიისკის გავლით ნავთობის გადაზიდვებმა ოქტომბრის თვეში 3.22 მილიონი ტონა, ან დღეში 761 000 ბარელი, შეადგინა, და ჯამში პორტიდან 1.794 მილიონი ტონა ნავთობპროდუქტების ექსპორტი მოხდა.





