ბალტიისპირეთისა და სკანდინავიის ქვეყნები უკრაინისთვის იარაღის შესაძენად 500 მილიონ დოლარს გამოყოფენ.
დანია, ესტონეთი, ფინეთი, ისლანდია, ლატვია, ლიტვა, ნორვეგია და შვედეთი პრიორიტეტული საჭიროებების სიის ( PURL) პროგრამის ინიციატივის ფარგლებში, უკრაინისთვის იარაღის შესაძენად 500 მილიონ დოლარს გამოყოფენ. ინიციატივის ფარგლებში, აღნიშნული ქვეყნები იარაღს აშშ-სგან ყიდულობენ, შემდეგ კი კიევს გადასცემენ.
"ჩვენი მოკავშირეები კიდევ ერთხელ აძლიერებენ მხარდაჭერას და აფინანსებენ უკრაინისთვის აუცილებელი სამხედრო აღჭურვილობის ახალ პაკეტს. ეს ტექნიკა უკიდურესად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის ზამთრის თვეების მოახლოებისას. PURL-ის მეშვეობით მიწოდებები უკვე უკრაინისკენ მიემართება. NATO-ს მოკავშირეები განაგრძობენ აუცილებელი აღჭურვილობისა და მარაგების მიწოდებას". - თქვა ალიანსის გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ.





