13 ნოემბერს ევროკომისიამ არსებული ევროპული ინიციატივებიდან უკრაინას ჯამში €5.9 მილიარდი გამოუყო ფინანსური დახმარების გაწევის მიზნით. განცხადების მიხედვით, დიდი შვიდეულის (G7) სასესხო ინიციატივის ფარგლებში უკრაინამ განსაკუთრებული მაკროფინანსური დახმარებიდან (MFA) €4.1 მილიარდის მეათე და საბოლოო ტრანში მიიღო, ხოლო €1.8 მილიარდი კიევს Ukraine Facility-ს ინიციატივის ფარგლებში მეხუთე რეგულარული ანაზღაურების სახით გადაეცა.
"დღეს €4.1 მილიარდის გამოყოფა წარმოადგენს უკრაინისთვის ევროკომისიის განსაკუთრებული MFA პროგრამის დასასრულს, რამაც მიმდინარე წელს ჯამში €18.1 მილიარდი შეადგინა გაცემული სესხების სახით. ეს რაოდენობა წარმოადგენს ევროკავშირის სრულ კონტრიბუციას G7-ის ხელმძღვანელობით განსაკუთრებული შემოსავლების დაჩქარების (ERA) ინიციატივაში, რომელიც კოლექტიურად მიზანს ისახავს, უკრაინას თითქმის €45 მილიარდის გადაუდებელი ფინანსური დახმარება მიაწოდოს." - წერია გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს მთავარი დირექტორატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან, Ukraine Facility-ს ინიციატივის ფარგლებში გამოყოფილი €1.8 მილიარდი მიზნად ისახავს უკრაინის მაკროსაფინანსო სტაბილურობის გაუმჯობესებას, საჯარო ადმინისტრირების გაძლიერებასა და "უკრაინის გეგმაში" გაწერილი ძირითადი რეფორმების წინ წაწევას.
"ეს ნაწილი მეხუთე ნაწილის ფარგლებში უკრაინის მხრიდან ცხრა კონკრეტული რეფორმისა და წინა ნაწილიდან ერთი შეუსრულებელი პუნქტის წარმატებით შესრულებას მოჰყვა, რაც კომისიამ შეაფასა და რასაც 4 ნოემბერს საბჭომ მხარი დაუჭირა." - წერია განცხადების ბოლოს.
უკრაინა 2026-2027 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტის დასაფინანსებლად $61-მილიარდიანი სივრცის შევსებას ცდილობს, რისთვისაც კიევი იმედოვნებს, რომ რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივებით დაზღვეული 140-მილიარდიანი "სარეპარაციო სესხის" გამოყენება იქნება შესაძლებელი, რაზეც მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
ბელგიის პრემიერმინისტრმა, ბარტ დე ვევერმა, რომლის ქვეყანაშიც გაყინული რუსული აქტივების უმრავლესობა განთავსებული, ოქტომბერში უარი თქვა გეგმის მხარდაჭერაზე იმის შიშით, რომ ბელგია შესაძლოა მარტო მოუწიოს რუსეთისთვის ანაზღაურების გადახდა.





