რუსული რეჟიმი

დავასრულოთ სიფრთხილის რეჟიმი, გადავიდეთ მრავალპოლუსიანი პოლიტიკის წარმოებაზე – ინჯია EU-ზე

ივანიშვილის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის სატელიტი მოძრაობის ევროპელი სოციალისტების წევრმა ილია ინჯიამ საზოგადოებას მათი პოლიტიკური ჯგუფის ხედვა გააცნო - "რა მომავალი აქვს ევროკავშირს და რა მდგომარეობაშია ევროპა დღეს". 

ინჯია ქართული ოცნების პროპაგანდისტულ ხაზს აგრძელებს და ამბობს, რომ "ევროკავშირში შემავალი ქვეყნების უმრავლესობამ პრაქტიკულად დაკარგეს თავიანთი სუვერენიტეტი" და ამტკიცებს, რომ "ევროკავშირის ქვეყნები რეალურად ჩართულები არიან ომში". 

"ევროკავშირის საგარეო პოლიტიკით, უკრაინა, როგორც ქვეყანა, განახევრდა და ეჭვქვეშ დადგა ქვეყნის საერთოდ არსებობა". - ამბობს ილია ინჯია. 

მისი თქმით, ევროპელი გადასახადების გადამხდელების ფულით ევროკავშირი სხვა ქვეყნების სუვერენიტეტსა და შიდა საქმეებში ერევა.

"დიდი ალბათობით, თუ ასე გაგრძელდა პროცესები, ხვალ გლობალური ომი შეიძლება გარდაუვალი იყოს და არამხოლოდ ევროპაში. მივმართავ ევრობიუროკრატებს, უფრო სწორად, მოვითხოვ, თქვენს ანგარიშთან ერთად გაასაჯაროოთ და გაითვალისწინოთ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნება, ძირითადი მიზნები, მისწრაფებები და ქვეყანაში არსებული რეალური ვითარება. ჩვენს ხელისუფლებას კი ვთხოვ, დავასრულოთ თავის მართლებისა და სიფრთხილის რეჟიმი. გადავიდეთ, კიდევ მეტად, თამამი და მრავალპოლუსიანი პოლიტიკის წარმოებაზე, რაც ჩვენ ქვეყანას გრძელვადიან პერსპექტივაში გარანტირებულად მოუტანს ქვეყნის გაერთიანებას, სუვერენიტეტის განმტკიცებას, მშვიდობას, სტაბილურობას, განვითარებასა და საყოველთაო კეთილდღეობას". - განაცხადა ილია ინჯიამ.

ივანიშვილის სატელიტი მოძრაობის "პროგნოზით" უნგრეთისა და სლოვაკეთის რიგებს ჩეხეთიც შეუერთდება, რომლებიც "იქნებიან წინააღმდეგი უკრაინაში ომის მხარდაჭერის და დაფინანსების". 
 

კომენტარები