ფილიპინებში ტაიფუნ კალმაეგის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობებს, სულ მცირე, 114 ადამიანი ემსხვერპლა. შედეგად, ფილიპინების პრეზიდენტმა, ფერდინანდ მარკოს უმცროსმა ქვეყნის მასშტაბით კატასტროფის მდგომარეობა გამოაცხადა.
ქვეყნის კატასტროფების მართვის სააგენტოს ცნობით, სტიქიამ ყველაზე მეტად პროვინცია სებუ დააზიანა, რომელიც ფილიპინების ყველაზე მჭიდროდ დასახლებული კუნძულია. სებუს რეგიონში სტიქიას 71 ადამიანი ემსხვერპლა, 82 დაშავდა, 127 კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
ამავე კუნძულზე სტიქიამ ასობით საცხოვრებელი სახლი გაანადგურა, 500 000-მდე ადამიანს კი საცხოვრებლის დატოვება და თავშესაფარში გადასვლა მოუწია. ვისაიასის რეგიონიდან კი ტაიფუნის გამო 200 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
ამასთან, დაღუპულებს შორის ექვსი სამხედრო მოსამსახურეა, რომლებიც კუნძულ მინდანოზე ჰუმანიტარულ მისიაში მონაწილეობდნენ, რა დროსაც მათი ვერტმფრენი ჩამოვარდა.
ფილიპინების მეტეოროლოგიური ბიუროს ცნობით, ქარის მაქსიმალურმა სიჩქარემ 130 კმ/სთ შეადგინა. მათივე თქმით, ქარიშხალი ამჟამად დასუსტებულია და ვიეტნამის მიმართულებით ინაცვლებს.





