თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს გურამ ოქროპირიძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ივანიშვილის მერმა, კახა კალაძეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ოქროპირიძე წინა მოწვევის საკრებულოს წევრი იყო.
"როგორ მოგეხსენებათ, დაახლოებით, ერთი თვის წინ ჩემს ერთ-ერთ მოადგილედ დაინიშნა კახა აბულაძე, რომელიც მანამდე თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსის თანამდებობას იკავებდა. დღემდე აღნიშნული თანამდებობა ვაკანტური იყო. ამიტომ, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უხელმძღვანელებს გურამ ოქროპირიძე.
გურამს გავლილი აქვს შპაიერის საჯარო მმართველობის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის მეშვეობით ხორციელდება.
რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას, გურამ ოქროპირიძე 2021 წლიდან იყო თბილისის მუნიციპალიტეტის VII მოწვევის საკრებულოს წევრი. ასევე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე. მანამდე მუშაობდა კერძო სექტორში" - თქვა კალაძემ.





